კახა კალაძე – თბილისში რამდენიმე ქუჩაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ თბილისში, ბარათაშვილის აღმართს კაპიტალური რეაბილიტაცია იწყება.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სამუშაოების ფარგლებში გათვალისწინებულია სანიაღვრე ქსელის აღდგენა, სადრენაჟო სისტემის მოწყობა, ბაზალტის ბორდიურებისა და ტროტუარის მოწყობა, ასევე მთლიანად შეიცვლება განათების ქსელი, ბოძები.

„ჯამში შეიცვლება 15 ათასი კვადრატული მეტრი ასფალტის საფარი. რეაბილიტაციის პროცესი გაგრძელდება სამი თვის განმავლობაში და ამისათვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 3 მილიონ 233 ათასი ლარი დაიხარჯება. ასევე მინდა, ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას, მძღოლებს, რადგან გარკვეული შეზღუდვები იქნება ქალაქში. მიზანმიმართულად იქნა არჩეული ეს პერიოდი, რადგან ხალხი ქალაქიდან გადის, ნაკლები მოძრაობაა და ძალიან ბევრ მონაკვეთზე ვიწყებთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას. მათ შორის, კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის კაპიტალური სამუშაოები, მარცხენა სათადარიგო ზოლზე მიმდინარეობს უკვე სამუშაოები და რამდენიმე თვეში დასრულდება. მომავალ წელს გვინდა, ცენტრალური მაგისტრალის მთლიანი რეაბილიტაცია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, იგეგმება რობაქიძის გამზირის კაპიტალური შეკეთება, დიდუბის ხიდიდან აღმაშენებლის ძეგლისკენ მთლიანად.

„იგეგმება ნაფეტვრების ქუჩს გზის კაპიტალური სამუშაოები. ასევე ჩიქოვანის ქუჩაზე სანიაღვრეების, კანალიზაციის მოწესრიგება. იწყება შავი ზღვის ქუჩის კაპიტალური სამუშაოები, ასევე კოსტავა-შარტავას ქუჩების სრული რეაბილიტაცია და ფალიაშვილის ქუჩის კაპიტალური სამუშაოები. ამ მასშტაბის სამუშაოები ერთდროულად დედაქალაქში არასდროს ჩატარებულა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„გამარჯობა საქართველო! რობოტები ბევრი კუთხით ზუსტად შეესაბამებიან მაღაროში ჩასატარებელ სამუშაოებს”
შემდეგი სტატიაშსს-მ „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა, მინდია ლავასოღლის კი, ბრალი წარედგინა