კახა კალაძე – თბილისის მერობა ჩემთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიციაა

იოლი არ არის, საკუთარ თავზე აიღო ამხელა პასუხისმგებლობა – იყო ამ დიდებული ქალაქის მერი, – აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოში საქმიანობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

„ამ დარბაზში დღეს ვართ თავშეყრილი ის ადამიანები, ვისაც ქალაქმა ანდო თავისი ბედი, დაგვაკისრა პასუხისმგებლობა თბილისის აწმყოსა და მომავალზე. თითქმის 3 ათეული წელია, ჩვენ დედაქალაქის დამახინჯების მოწმეები ვართ. პოლიტიკური ინტერესები თუ პირადი ანგარება ხელს უწყობდა წლიდან წლამდე თბილისის დაკარგვას. უმძიმესია დამოუკიდებლობის პერიოდში თბილისის თავზე გადავლილი ქარტეხილების მემკვიდრეობა და ამიტომ დღეს, ჩვენ – ქალაქის მეურვეები, ქალაქის მოწესრიგებაზე პასუხისმგებლები, ვალდებულები ვართ გაერთიანებული ძალებით, ერთმანეთის მხარდამხარ ვიმუშაოთ თბილისის საკეთილდღეოდ, შევქმნათ სიცოცხლით, სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი სავსე ქალაქი. თბილისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, მრავალეთნიკური, მრავალფეროვანი ქალაქია. აქედან გამომდინარე, არ არის იოლი, საკუთარ თავზე აიღო ამხელა პასუხისმგებლობა; პასუხისმგებლობა შენი ქვეყნის დედაქალაქის, მისი ისტორიის, მისი მომავლის წინაშე და იყო ამ დიდებული ქალაქის მერი.

ჩემთვის პირადად თბილისის მერობა არის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი და საპასუხისმგებლო პოზიცია. მინდა, რომ ჩვენ ყველა – ვინც დღეს ამ დარბაზში ვიმყოფებით, ვიყოთ ერთსულოვნები და მოტივირებულები, მოვაწესრიგოთ ეს ქალაქი, დავუბრუნოთ ხიბლი, კომფორტულობა და თვითმყოფადობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერმა ასევე აღნიშნა, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ის მუდამ გრძნობდა პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერას და თანადგომას.

„რა თქმა უნდა, ამ საქმეში მუდამ ვგრძნობდი და ვგრძნობ პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერას და თანადგომას, რაც ყოველ ნაბიჯზე პრაქტიკულ ქმედებებში გამოიხატება საკრებულოს, მთავრობის, პარლამენტის თუ სხვა უწყებების მხრიდან. ეს ცხადია, პირველ რიგში, თბილისელებისადმი გამოხატული უდიდესი მხარდაჭერაა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პოლიტიკური გუნდის ლიდერებს და თითოეულ წევრს. ამ ერთი წლის მანძილზე მერიის საქმიანობაში სხვადასხვა ფორმით, პრაქტიკულად, თითოეული თქვენგანი იყო ჩართული. თქვენ მონაწილეობას იღებდით ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტების შედგენასა და განხორციელებაში. ზოგი – პროფესიული მიდგომების თუ ცოდნის გაზიარებით, ზოგი – პოლიტიკური მხარდაჭერით, ზოგიც – კრიტიკით, რომელიც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ბუნებრივია, მე ვისურვებდი, ეს კრიტიკა იყოს ობიექტური, მაქსიმალურად საგნობრივი, საქმეზე, ქალაქის და მოქალაქეების საჭიროებებზე, პრობლემების გადაწყვეტაზე და არა პრობლემების შექმნაზე ორიენტირებული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა საკრებულოს წევრებს და თბილისელებს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც, მისი თქმით, მისთვის დიდი მოტივაციაა.

„თქვენ იცით, ჩვენი წინასაარჩევნო სლოგანი იყო „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ და წარმოდგენილი იყო 7 პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა ყველა იმ პრობლემურ საკითხს, რომელიც აწუხებდა თბილისს და თბილისელებს. ჩვენ წარმოდგენილი გვქონდა ამ პრობლემების მოგვარების კონკრეტული ხედვები და გზები. პირველივე წელს, მაღალი პასუხისმგებლობით, ძალიან აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მივაღწიოთ იმ მიზნებს, რასაც მოსახლეობას დავპირდით. ალბათ თითოეული თბილისელისთვის თვალსაჩინოა, რომ 2018 წელი იყო მოვლენებით, პროექტებით, გადაწყვეტილებებით დატვირთული; ჩვენი ერთობლივი მუშაობის წელი, რომელიც ვფიქრობ, ღირსეულად გავიარეთ. ამიტომ პირველ რიგში, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ საკრებულოს წევრებს, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ასევე, თითოეულ თბილისელს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა, რომელსაც ვგრძნობთ ყოველდღიურ რეჟიმში, გვაძლევს დამატებით სტიმულს, ვემსახუროთ, მეტი ვაკეთოთ თბილისისთვის და თბილისელებისთვის. თბილისი ჩვენი საერთო სახლია და მჯერა, ყველას გვსურს ეს ქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, კიდევ უფრო დაცული რისკებისგან, კიდევ უფრო კომფორტული და ეკონომიკურად ძლიერი; ქალაქი, რომელიც ასოცირებული იქნება კეთილდღეობასთან, სიმწვანესთან, სიცოცხლესთან და პროგრესთან, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მრავალსაუკუნოვან ისტორიას; ქალაქი, რომელსაც დაძლეული ექნება ქაოტური განაშენიანება, გადატვირთული სატრანსპორტო ნაკადები, ჰაერის დაბინძურება, მოქალაქეთა სიდუხჭირე და ყველა სხვა მნიშვნელოვანი პრობლემა. სწორედ ეს არის პირადად ჩემი და ჩვენი საერთო მიზანი, სწორედ ამას ემსახურება იმ 7 პოლიტიკაში გაწერილი ქალაქის განვითარების ჩვენეული ხედვა და ის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩემს თანაგუნდელებთან, თქვენთან და მერიის თითოეულ თანამშრომელთან ერთად ამ ერთი წლის განმავლობაში გავწიეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიბაჩანა შენგელიას ადვოკატი-არსებული მტკიცებულებები ადასტურებს დარღვევებს, რაც გარკვეული პირების თანამდებობის დატოვების საფუძველი უნდა გახდეს
შემდეგი სტატიათბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილმა სხდომა დატოვა