კახა კალაძე : თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის

თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს, ეს ჩვენს პრეროგატივაში არ შედის და ამის არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ამაზრზენია, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მისი განცხადება ინტერპრეტირებულად გაავრცელა და მიუთითა, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ​ნაძვისხით ანაცვლებს.

„სამწუხაროა და ამაზრზენიც, შეიძლება უტიფრობაც ვუწოდოთ კონკრეტული სააგენტოებისა და ჟურნალისტების მხრიდან გაკეთებულ ინტერპრეტაციას გუშინდელ ჩემს განცხადებასთან. რა ჰქონდათ გამოტანილი, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ანაცვლებს ნაძვისხით. როგორ შეიძლება, არ ვიცი, სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა. შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება და ასეთი შეურაცხყოფის მიყენება არ ვიცი.

მე მგონია, რომ ჟურნალისტიკა არის თავისუფლების რუპორი და არა რაღაც პარტაგიტატორული, ამიტომ ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის.

მერიას არანაირი პრეროგატივა არ აქვს კარვის დადგმაზე ან ნებართვა მისცეს, ან უარი უთხრას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონის ფარგლებში, ზაზას ჰქონდა შემოტანილი წერილი და კანონის ფარგლებში, დედაქალაქის მერიამ უპასუხა. მან შემოიტანა ცნობა, რომ აპირებს, დეკემბრის ბოლომდე განახორციელოს პროტესტი. დედაქალაქის მერიის მხრიდან იყო განცხადება, შეგიძლიათ, ეს ტექსტიც ნახოთ, რომ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით რომ არ მოხდეს გაურკვევლობა, დედაქალაქის მერიას აქვს ღონისძიებები დაგეგმილი სხვადასხვა ლოკაციაზე, ერთ-ერთი არის ასევე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, როგორც ეს ტრადიციულად ხდება.

კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს ჩემ მიერ მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია და ეს იქნა მიწერილი კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, შესაძლებელი იქნება თუ არა საახალწლო ღონისძიებები და აქცია ერთდროულად ჩატარდეს, კახა კალაძემ განაცხადა, რომ არ სურს, პარლამენტთან მოხდეს დაპირისპირება. მისი თქმით, ამის გაკონტროლება რთული იქნება.

„მე არ მინდა, რომ ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თქვენ იცით, ამის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება. უამრავი ადამიანი მოდის, უამრავი მიდის. ვიღაცამ რაღაც პროვოკაცია მოაწყოს, ჩვენ უნდა ავიცილოთ ყველაფერი თავიდან. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშვილმოკლული მამებისთვის ნათქვამი მერიის უარი აქციის გამართვასთან დაკავშირებით – ომბუდსმენი მერიის გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდა