კახა კალაძე – სტადიონზე რაც მოხდა, ცუდი ფაქტი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს

არც გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება და არც მოედანზე გადასვლა სასიამოვნო ფაქტი არ იყო, თუმცა ფეხბურთს მსგავსი მომენტები ახასიათებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, როგორ შეაფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც ის წერს: „მინდა, ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი უჯიშო მოქალაქეების უმსგავსო საქციელისთვის“, კახა კალაძის თქმით, ამით ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს სალომე ზურაბიშვილს მოქალაქეების მიმართ.

„თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი „მაკკეინის ფონდის“ კონსულტანტია თუ რაღაც მსგავსი. ეს ადამიანი საერთოდ სპორტსა და ფეხბურთში რომ ვერ ერკვევა, გასაგებია. ისიც ნათლად ჩანს, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ. ცხადია, რაც მოხდა, არ იყო სასიამოვნო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ფეხბურთში მსგავსი ფაქტები ხდება – გულშემატკივრები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეგობარ სომხებთან რაიმე დაძაბულობა გვაქვს. ცუდი იყო ფაქტი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, არ და ვერ აისახება ჩვენს მეგობარ დებსა და ძმებთან ურთიერთობაზე. არც ის ფაქტი იყო ლამაზი, გულშემატკივარი მოედანზე რომ გადავიდა, თუმცა ფეხბურთს ახასიათებს მსგავსი მომენტები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშევურაცხყვეთ სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ეზეიმა გამარჯვება; შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს -კობიაშვილი
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – აბსოლუტურად სისულელეა საია-ს საჩივარი, მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ და ეს არის უბრალოდ გასაჟღერებლად, რომ დავა გაიტანეს და კანონი სტრასბურგში გაასაჩივრეს