კახა კალაძე შშმ ბავშთა სარეაბილიტაციო ცენტრ „აისის“ საქმიანობას გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციისა და სარეაბილიტაციო ცენტრ „აისს“ ესტუმრა.

თბილისის მერმა სარეაბილიტაციო ცენტრის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბავშვთა რეაბილიტაციისთვის ადაპტირებული სივრცეები დაათვალიერა და ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცა.

კახა კალაძე „აისის“ ბენეფიციარებსა და პერსონალს მაქსიმალურ მხარდაჭერასა და დახმარებას დაჰპირდა.

„დღეს ვიმყოფებით სოციალური ადაპტაციისა და რეაბილიტაციის ცენტრ „აისში“, სადაც 90 ბავშვია წარმოდგენილი. გავეცანით არსებულ მდგომარეობას, თუ რა პირობებში უწევთ მათ ყოველდღიურობის გატარება. ცენტრი საჭიროებს მხარდაჭერასა და თანადგომას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადამიანი ჩართულია მხარდაჭერის პროგრამებში და საქველმოქმედო ღონისძიებებს ახორციელებს, გარკვეული თანადგომა მაინც საჭიროა ცენტრალური ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის მხრიდან. რა თქმა უნდა, პირადად ჩემგანაც ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა მათი საჭიროებები იყოს უზრუნველყოფილი. ყოველმხრივ გვერდით დავუდგებით. ყველაზე კეთილები და კარგები არიან და ხელს შევუწყობთ, რომ თავიანთი შესაძლებლობები კიდევ უფრო გამოავლინონ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ცენტრში ასევე, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი იმყოფებოდნენ.

სარეაბილიტაციო ცენტრი „აისი“ კლინიკა „გიდმედის“ დირექტორის, გივი ჩიქობავას ძალისხმევით, 2001 წელს შეიქმნა. ცენტრის მიზანი საზოგადოებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ინტეგრაცია და მათი ცხოვრების ხარისხის ზრდის ხელშეწყობაა. ცენტრის ბენეფიციარები სხვადასხვა ინკლუზიური განათლების პროგრამაში არიან ჩართული.

წინა სტატიაშიჰარცელი – ევროკავშირისთვის ამოსავალი წერტილია სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შეშფოთება და ვითარების სათანადოდ მოგვარება
შემდეგი სტატია“სირცხვილიამ” პარასკევს, 19 ნოემბერს აქცია დააანონსა