კახა კალაძე – შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო, ამის მიუხედავად, ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ

როგორც ჩანს, ოპოზიციის ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს.

მისივე თქმით, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა სცენ ყველა ამომრჩეველს, თითოეული მათგანის არჩევანს, რომელიც გამოიხატა როგორც ოპოზიციური პარტიების, ასევე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში.

„შეგახსენებთ, რომ პანდემიის უმძიმეს პირობებში პარტიების მიმართ საკუთარი ნება ორ მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილიონამდე ადამიანმა მხარი სწორედ „ქართულ ოცნებას” დაუჭირა. ამისთვის, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს ამომრჩეველს, რომლებსაც უნდა მივმართოთ, რომ არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ თქვენი ხმები, თქვენი მხარდაჭერა ვინმემ გაბედოს და მეორეხარიხსოვნად მიიჩნიოს. რაც შეეხება დეტალებს: დიალოგზე შეთანხმებული წესების მიხედვით, მოლაპარაკების საკითხები საჯაროდ, ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო. ამის მიუხედავად ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ისინი არ თანხმდებიან ხმების გადათვლაზე. ამიტომ, ინფორმაცია ცალმხრივი რომ არ იყოს, ჩვენც ვადასტურებთ, მათ უარი განაცხადეს და უარი თქვეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეოჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე. როგორც ჩანს, მათი ინტერესი არ არის, გაირკვეს სიმართლე და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. მიუხედავად ამისა, ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება, დიალოგი კონკრეტული, ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგით დასრულდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – „ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: მოუწევთ ჩვენს თვალებში ჩახედვა და ჩვენს სხეულზე გადაბიჯება