კახა კალაძე: “რუსთავი 2”- ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ხელისუფლებას აზიანებს

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომელიც დღეს იქნა მიღებული და დარჩა ძალაში, ხელისუფლებას აზიანებს, მით უმეტეს, როცა საარჩევნო წელია.

ვიცე-პრემიერის თქმით, მისი სურვილია, რომ ეს პროცესები ახლა არ წარმართულიყო, თუმცა არც პრემიერს, არც ვიცე-პრემიერს და არც მინისტრებს სასამართლოზე ზემოქმედების რაიმე სახის ბერკეტი არ გააჩნიათ.

“ცუდია, რომ ჩვენ ვისმენთ გარკვეული პოლიტიკოსების მხრიდან, რომ ეს არის რაღაც პოლიტიკური ზეწოლა სასამართლოზე. თუმცა, ამის ვერანაირი არგუმენტი დავინახე იმ განცხადებებით, რაც კეთდება. ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებებია. ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკურად გაკოტრებულ ზოგიერთ პარტიას, სუბიექტს, აქვს შესაძლებლობა, მოსახლეობას რაღაცით შეახსენოს თავი”, – განაცხადა კალაძემ.

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია და შესაბამისად, დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს.

“კონკრეტულად პროცესს რაც შეეხება, აქ არ არის “რუსთავი 2″-ზე საუბარი. აქ საუბარია ბატონ ხალვაშსა და ძმებ ყარამანიშვილებს შორის დავაზე. სასამართლო დამოუკიდებელია და გამოვედით იმ წლებიდან, როდესაც ერთ დღეში ხდებოდა დაკავება, ბრალის წაყენება, გასამართლება, გირაოთი გამოშვება ან ციხეში გაშვება. ეს დრო დასრულდა საქართველოში და უნდა შევეგუოთ იმას, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებელი უნდა იყოს”, – განაცხადა კალაძემ.

სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილების თანახმად, ტელეკომპანიის წილების 60 % ქიბარ ხალვაშის მფლობელობაშია.40 % კი კომპანია “პანორამას”, რომელიც ტელეკომპანიის ინფორმაციით, ასევე ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი აბაშიშვილი: რუსთავი 2-ის მფლობელის ცვლილება იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე
შემდეგი სტატიადევნილთა სამინისტრო გიგა ოთხოზორიას ოჯახს სახლს შეუძენს