კახა კალაძე რამდენიმე არასამთავრობოს მიმართავს – შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც ეგ საუბარი გაგდიოდათ

შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც ეგ საუბარი გაგდიოდათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცხოველთა უფლებების დამცველ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა. მისი თქმით, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია შანტაჟის ენით საუბარი.

ამასთან, თბილისის მერი გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცხოველთა ვიდეოკადრებს და აღნიშნა, რომ ეს საქმე პირად კონტროლზე აიყვანა.

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ამაზრზენი კადრები ერთი მხრივ, ნიშანია იმისა, რომ ხდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიზანმიმართული დისკრედიტაცია, ხოლო მეორე მხრივ, ფაქტია, საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან. გამოძიება უკვე დაწყებულია 259-ე მუხლით, თუმცა მგონია, რომ ეს მუხლი გადასახედია, კიდევ უფრო გასამკაცრებელია, რომ ჩვენ ამგვარი ფაქტები თავიდან ავიცილოთ. ვიმედოვნებთ, მოკლე ხანში გამოვლინდება ყველა ის ადამიანი, რომელმაც ჩაიდინა ეს ამაზრზენი დანაშაული – უმწეო ლეკვი განათავსა მკვდარ ცხოველებთან და დაარღვია შიდა სანიტარული წესები.

ეს არის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში მიმდინარე რეფორმების, მათ შორის საკადრო პოლიტიკისა და ზოგიერთი სხვა გადაწყვეტილების შედეგი. ვგულისხმობ ხელშეკრულების გაწყვეტას ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. მე არა ერთხელ გამიკეთებია განცხადება და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მზად ვართ თანამშრომლობისთვის კონკრეტულ ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, ვისაც სურვილი აქვს, რომ მართლაც ცვლილებები განახორციელოს ჩვენთან ერთად ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ცხოველთა უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს მიმართა და განაცხადა, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია შანტაჟის ენით საუბარი.

„გვესმის, რომ პრობლემებია, თუმცა გამოვხატეთ მზაობა, რომ გავაკეთოთ რეფორმები და განვახორციელოთ ცვლილებები. თუ დამატებითი თანხებია გამოსაყოფი, ამაზეც უკან არ ვიხევთ. მზად ვართ, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვაროთ პრობლემები, თუმცა შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის.
საუბრები იყო, რომ სააგენტოს მხრიდან მომხდარიყო პასპორტების შესყიდვა კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ასევე სააგენტოში იყო კონკრეტული დასაქმებების მოთხოვნა, წამლების შესყიდვა. მე ახლა მიზანმიმართულად არ ვასახელებ ამ არასამთავრობოებს. მეგობრებო, ვისაც სურს წამლების გაყიდვა, ტარდება ტენდერი და შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა და შანტაჟის ენით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. შანტაჟის ენით ელაპარაკეთ იმათ, სადაც ეგ საუბარი გაგდიოდათ. თუმცა ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და ერთად განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც გასაკეთებელია“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს თავშესაფრიდან წამოყვანილი ძაღლი ტიფანი ცუდ პირობებში იმყოფება, სიცრუეა.

„წინა დღეებში საუბარი იყო ჩვენს ძაღლ ტიფანიზე, რომელიც თავშესაფრიდან წამოვიყვანეთ. თითქოს ძალიან ცუდ პირობებში ვამყოფებდით. ჰქონდათ მცდელობა, წამოეწყოთ კამპანია, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, რადგან ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ცხოველებთან და განსაკუთრებით ძაღლებთან. შემდეგ მეორე დღეს უკვე გავრცელდა ეს ვიდეოკადრები. გამოძიება ყველაფერს დაადგენს, როგორ მოხვდა სოციალურ ქსელში, ვინ გადაიღო ეს ამაზრზენი კადრები, ვინ განათავსა ის მომაკვდავი ლეკვი მკვდარ ცხოველებთან და ასე შემდეგ. პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საქმე, რომ ბოლომდე მივიყვნოთ და ყველა დამნაშავემ აგოს საკადრისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – სამინისტროების გაერთიანება არ ნიშნავს თანამშრომლების სახლში გაშვებას
შემდეგი სტატიაკახა საბანაძე – „ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით საქართველოში 20-მდე პირია დაკავებული“