კახა კალაძე: “ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს

მჯერა, ხვალ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, გადამწყვეტ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარის ან პარტიის გამარჯვება. ეს ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება უმაღლეს დონეზეა დაცული, განსხვავებული სიტყვის მქონე ადამიანები აღარ იდევნებიან და სამსახურიდან არ ათავისუფლებენ.

„მინდა, გავიხსენო ის წლები, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენს ოპონენტებს არ სიამოვნებთ და მესმის, რატომაც. ისინი ცდილობენ, ჩვენც და საზოგადოებას, როგორმე დაავიწყონ ის ცხრაწლიანი პერიოდი, რაც ქვეყანაში იყო, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე არიან, ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ბევრი უნდა ვისაუბროთ ქვეყნის მომავალზე, რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, მაგრამ პარალელებისთვის და შედარებისთვის აუცილებელია, ვისაუბროთ, თუ რა ხდებოდა წლების განმავლობაში ქვეყანაში.

კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ, იმ ოჯახების მიმართ, ვისაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა, მათი ახლობლებისა და ნათესავების მიმართ. ასევე, რა მდგომარეობა იყო და როგორ უსწორდებოდნენ ბიზნესს, როგორ ათავისუფლებდნენ ხალხს სამსახურიდან, თუ ისინი მათ პოლიტიკურ ხედვებს არ იზიარებდნენ. საბედნიეროდ, მოვახერხეთ და ყველაფერი ეს წარსულს ჩავაბარეთ.

დღეს, ისე, როგორც არასდროს, ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის უფლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. დღეს, რა თქმა უნდა, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები არ იდევნებიან, არ ათავისუფლებენ სამსახურებიდან. ასევე, მახსოვს, რა ხდებოდა ჯანდაცვის მიმართულებით. ნამდვილად მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელმაც ჯანდაცვის სფეროში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც.

„ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იყო მიტოვებული სოფლის მეურნეობის მიმართულება. აქაც, გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა – ძალიან ბევრი, ასი ათასობით ჰექტარი დამუშავებული მიწა, მნიშვნელოვანი პროგრამები, იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის.

ასევე, მიგვეწოდებინა ისეთი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობდა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში მეტი სამუშაო ადგილი გავაჩინოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძემ თბილისში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კიდევ ბევრი პროექტია დაგეგმილი. ამას გარდა, როგორც სიტყვით გამოსვლისას კალაძემ განაცხადა, წარმატებების მიუხედავად, არსებობს გამოწვევებიც, მაგრამ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს“.

„არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო თბილისში განხორციელებულ პროექტებზე და არ ვისაუბრო გლდანზე, რადგან გლდანთან ჩემი ემოციური დამოკიდებულება გამაჩნია. იცით, რომ სამტრედიაში დავიბადე, გავიზარდე და 13 წლის ასაკში თბილისში გადმოვედი. მამიდასთან ვცხოვრობდი, გლდანის მესამე მიკრო რაიონში. მეამაყება, რომ დღეს აქ ვხედავ ჩემს თანამებრძოლებს – ადამიანებს, ვისთან ერთადაც ახალგაზრდობა გავატარე.

გლდანს უკავშირდება ჩემი წარმატება, ასევე, ყველაფერი კარგი, რაც მახსოვს იმ ბნელ 90-იან წლებში, რომელიც შავი ლაქასავით არის ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. მე, როგორც ქალაქის მერმა, რით შემიძლია ეს სიკეთე გადავუხადო გლდანს და გლდანელებს?, რა თქმა უნდა, ჩემი შრომით, იმ პროექტებით, რომელსაც გლდანის რაიონში ვახორციელებთ. მეამაყება ყველაფერი ის, რაც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენ ძალიან ბევრი პროექტის განხორციელება გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის, რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგება, პარკების განახლება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ასევე, ყველა ის პრობლემური ქუჩა, რომელიც დედაქალაქში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კარგი პროექტი და მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში გამოწვევები და პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. ჩვენ ამას არ გავურბივართ.

მჯერა, ერთადერთი პოლიტიკური გუნდი, რომელსაც ქვეყნის განვითარების სწორი ხედვა აქვს, ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, ღირსეულად უპასუხოს ქვეყანაში არსებულ ყველა გამოწვევას, ეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.

მჯერა, ხვალ, ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, გადამწყვეტ არჩევნებში გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კონკრეტული მაჟორიტარის ან პარტიის გამარჯვება, არამედ ჩვენი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ეს იმ წარმატებების, მშვიდობისა და სტაბილურობის გაგრძელება იქნება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ რვა წლის განმავლობაში მოიტანა. დარწმუნებული ვარ, ხვალ ჩვენ, ყველა ერთად, მთელი საქართველო ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას, რადგან ეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგახარია: ბატონმა ბიძინამ გვასწავლა, რომ ქვეყნისა და ხალხის მსახურება ყველაზე დიდი ღირსებაა
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი ზუგდიდის მოსახლეობას მიმართავს