კახა კალაძე: პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დედაქალაქის მერობის კანდიდატი დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნო.

კახა კალაძემ ბიზნესმენებს თბილისისთვის მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი ოთხი წელი მუნიციპალიტეტისა და ბიზნესის თანამშრომლობის კუთხით, კიდევ უფრო ნაყოფიერი იქნება.

„იმ პროექტებსა და რეფორმებს, რომლებიც 2017 წელს დავიწყეთ, ვერავინ შეაფერხებს. ვერავინ შეაფერხებს ასევე, ამ ქალაქის აღმშენებლობასა და განვითარებას, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩვენ ჩავატარეთ საარჩევნო კამპანია, რომელიც იყო ევროპული ტიპის, პოზიტივზე, საქმეზე და ქალაქზე ორიენტირებული, სადაც ვსაუბრობდით კონკრეტულ გეგმებსა და პროექტებზე რაიონების, ქუჩების მიხედვით. სამწუხაროდ, მეორე მხრიდან იყო აგრესია და დღესაც გრძელდება, ასევე, ძალადობა და ცილისწამება. თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, ყველაფერს კადრულობენ, მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვიკადრებთ და მათ იგივე ბოროტებით არ დავუპირისპირდებით. ნამდვილად არ დავეშვებით იქამდე, სადაც ისინი იმყოფებიან. პირიქით, მგონია, რომ ჩვენ მიერ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯებით უნდა ვეცადოთ, რომ ეს ადამიანები ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც იმყოფებიან“, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ გამარჯვებას 30 ოქტომბერს ბოლომდე მიიყვანს.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გამარჯვება. ჩვენ არჩევნების პირველ ტურში მოვიგეთ ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო. მეორე ტური გაიმართება 20 რაიონში და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერითა და თანადგომით, აქაც მივაღწევთ გამარჯვებას. ყველანი აქ ვცხოვრობთ და კარგად ხედავთ, თუ რისი გაკეთება მოვახერხეთ დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში – განახლდა ავტობუსების პარკი; მიმდინარეობს მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა; რეაბილიტირდა და განახლდა ბაღები, სკვერები და გზაგამყოფები; სხვადასხვა პროექტის განხორციელებით, თბილისში შემოვიდა საპარკე კულტურა; აშენდა საბავშვო ბაღები და განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიგაბუნია: კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მაღალია განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც აცრების მაჩვენებელი იყო დაბალი
შემდეგი სტატიაკალაძე: საარჩევნო გარემო მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს