“როგორ შეიძლება, ეკლესიის მშენებლობას შევეწინააღმდეგოთ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ თბილისში ტაძრის მშენებლობის დაწყება მერიასთან შეთანხმების გარეშე დაწყებულიყო, საპატრიარქო ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „თბილისის მერიამ აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა“.
როგორც კახა კალაძემ მის სოცილურის ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართავში აღნიშნა, გავრცელებული ინფორმაცია სიცრუე და დეზინფორმაციაა.
„მე არაერთხელ მისაუბრია რამდენად დამაზიანებელია ყალბი ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებისთვის, „ფეიკ ნიუსები“ არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის გახდა დიდი თავისტკივილი. უამრავი საერთაშორისო კვლევა ჩატარდა ამ თემაზე. სწორედ გუშინ დამისვა ჟურნალისტმა შეკითხვა მსგავსი კვლევის შესახებ და ამ თემაზე ჩემი მოსაზრებაც გავაცანი. გუშინვე ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ „ტვ პირველმა“ მაყურებელს მორიგი „ფეიკ ნიუსი“ შესთავაზა, თითქოს მშენებარე ეკლესია, რომლის მშენებლობაც თითქოს 14 წელი მიმდინარეობდა, დავანგრიეთ. თბილისის მერიამ გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა, თუმცა მერიის განცხადების გაშუქება „ტვ პირველმა“ არ ჩათვალა მიზანშეწონილად,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

















