კახა კალაძე – ოთხი წლის წინ ჩავიბარეთ ქალაქი, სადაც წინა მმართველებმა არაერთი კარგი საქმე გააკეთეს, თუმცა უდიდესი პრობლემები დაგვრჩა მემკვიდრეობად

gulis eleqsiri

ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის მთავარი მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

„დღეს, მინდა, გულწრფელად გესაუბროთ არა მხოლოდ იმაზე, თუ რა გავაკეთეთ, ასეთი ნამდვილად ბევრია და არაერთხელ გვისაუბრია, არამედ მინდა ისიც შეგახსენოთ, თუ რისი გაკეთება დავგეგმეთ ამ ოთხი წლის წინ, მაგრამ სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო, სამწუხაროდ, შეფერხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს პროექტები არ განხორციელდება პირიქით ამასაც გავაკეთებთ და ბევრ საინტერესო სიახლეს შემოგთავაზებთ. აუცილებლად განვავრცობ თითოეული პროექტის სამომავლო გეგმებს, ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შევძლებთ ამ პროექტების რეალიზებას შემდგომი წლების განმავლობაში და გაგაცნობთ საარჩევნო პროგრამის საკვანძო მიმართულებებს, ამის შესახებ მომდევნო დღეებში სათითაოდ, თემატურად უფრო დეტალურ პრეზენტაციებს წარმოგიდგენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის ფუნდამენტური პრობლემების მოსაგვარებლად მან და მისმა გუნდმა 2017 წელს შექმნეს ამბიციური და ამავდროულად რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მასშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა.

„ოთხი წლის წინ, მე და ჩემმა გუნდმა ჩავიბარეთ ქალაქი, სადაც წინა მმართველებმა არაერთი კარგი საქმე გააკეთეს, თუმცა აგრეთვე უდიდესი პრობლემები დაგვრჩა მემკვიდრეობად. უკანასკნელი 30 წლის ისტორიის ქარტეხილების, სხვადასხვა პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური, გნებავთ, მორალური მიზეზების გამო, სამწუხაროდ ჩვენს ქალაქში ფუნდამენტური პრობლემების აღმოფხვრაზე საფუძვლიანად და სისტემურად ზრუნვა ვერავინ შეძლო. მეტიც, ზოგიერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ რიგი პრობლემები კიდევ უფრო მოცულობითი გახადა და ეს არასწორი გადაწყვეტილებები ქალაქის ინტერესებს დღესაც კი აზიანებენ.

ამ საკითხების მოსაგვარებლად და განვითარების სწორ, შეუქცევად გზაზე თბილისის დასაყენებლად, მე და ჩემმა თანაგუნდელებმა 2017 წელს შევქმენით ამბიციური და ამავდროულად, რეალისტური პროგრამა, რომელიც შვიდი ძირითადი პოლიტიკისგან შედგებოდა და პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არსებითი, მასშტაბური რეფორმების დაწყებას გულისხმობდა. ეს იყო სტრატეგიული ჩანაფიქრი – ერთადერთი სწორი გამოსავალი დედაქალაქის განახლების და ევროპულ სტანდარტზე მიახლოების მიზნის მისაღწევად.

დიდი მადლობა ყველა თბილისელს, ვინც ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა კარგად გააცნობიერა და ქალაქის საჭიროებები პირად კომფორტზე წინ დააყენა, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შვიდი პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე თბილისელებს უკვე ჩავაბარე დეტალური ანგარიში და ყველა ძალიან კარგად ხედავს, რომ განხორციელებული პროექტების შედეგად, დღეს თბილისი ბევრად უფრო მწვანე, ჯანსაღი და მოწესრიგებული ქალაქია, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშიკახა კალაძემ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის განვითარების ექვსი პროგრამული მიმართულება დაასახელა
შემდეგი სტატიაკახისთან შეხვედრა არ უარვყავი, მაგრამ ვერც სიმართლეს ამბობს და ტყუილსაც უნდა თავი აარიდოს – გიორგი გახარია