კახა კალაძე : ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა – შეეცადნენ, მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 25, 2020 12:50

კახა კალაძე : ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა პარკინგთან დაკავშირებით, ცრუ ინფორმაცია გავრცელდა – შეეცადნენ, მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომია განთავსებული. მიწისქვეშა პარკინგი ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო.

თბილისის მერი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სიუჟეტში ნაჩვენები იყო არა მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი პარკინგი, არამედ კერძო საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა ავტოსადგომი.

„გუშინ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, სადაც საუბარია მიწისქვეშა პარკინგზე. გაისმა ბრალდება თითქოს, ის პარკინგი, რომელიც მუნიციპალიტეტმა ორბელიანის მოედნის რეკონსტრუქციის ფარგლებში მოაწყო, მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, წარმოადგინეს სხვა ავტოსადგომის მონაცემები. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტს მივუთითე, ეშლებოდათ, სიუჟეტი მაინც ისე მოამზადეს, როგორც სჩვევიათ. შეეცადნენ, მოსახლეობა შეცდომაში შეეყვანათ. ისაუბრეს აბსოლუტურად სხვა პარკინგზე, რომელიც კერძო საკუთრებაშია. საუბარი იყო ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტის გვერდით, „პირიმზის“ საკუთრებაში არსებულ მიწისქვეშა პარკინგზე. სიუჟეტში კი უთითებდნენ იმაზე, რომ პარკინგი, სადაც ჩვენ ფული დავხარჯეთ, გაუბედურებული და გაპარტახებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ორბელიანის მოედანზე, ფხოვისა და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსებული ავტოსადგომის ფართობი 5 700 კვადრატული მეტრია. სადგომი თანამედროვე მოთხოვნებს პასუხობს, აღჭურვილია უსაფრთხოების (სახანძრო, ვიდეო-მეთვალყურეობა) და წვდომა-აღრიცხვის სისტემებით, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ავტოსადგომის მშენებლობის ღირებულებამ 9 მლნ ლარი შეადგინა.

პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია გასული წლის ივნისში დასრულდა. აღნიშნულ ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას რესტავრაცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. 20-დან ათი შენობა ხელახლა აშენდა. შენობების გარდა, სრულად განახლდა შიდა ეზოები. ძეგლებზე აღდგა ყველა არქიტექტურული და მხატვრული დეტალი, რესტავრაცია ჩაუტარდა გადარჩენილ ნაწილებს, განახლდა რკინისა და ხის ნაკეთობები. გარდა ამისა, შენობებზე დამონტაჟდა დეკორატიული განათება. რეაბილიტაციის ამ ნაწილის ღირებულება 45 მლნ ლარია.

რეაბილიტაცია დასრულდა კეთილმოწყობის სამუშაოებით, რაც შვიდი სარეაბილიტაციო ქუჩის, მათ შორის, ორი ძირითადი ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთად მოწყობას გულისხმობდა. ქუჩები სრულად მოპირკეთდა, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათება, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის.

რეაბილიტაციის დასკვნით ეტაპზე, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ არსებული, ძეგლის სტატუსის მქონე ორი რეკრეაციული ზონის – 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია განხორციელდა, სადაც ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი განახლდა.

ორბელიანის მოედანზე თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე იმყოფებოდნენ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 25, 2020 12:50