კახა კალაძე ოპოზიციაზე: აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია

არ მინდა საზოგადოებისა და თბილისელების დაყოფა – ჩემიანებად და არაჩემიანებად, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე, რას ფიქრობს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციებზე, კახა კალაძე აცხადებს, რომ მათ საკუთარი შეხედულებების გამოხატვის უფლება აქვთ, თუმცა, ისურვებდა, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჯანსაღი პოლემიკა არსებობდეს.

„ოპოზიციის გადასაწყვეტია აქციების გამართვა და საკუთარი შეხედულებების სხვადასხვანაირად გამოხატვა. მე, როგორც ქალაქის მერი, ვისურვებდი, რომ ჩვენ შეგვძლებოდა ჯანსაღი პოლემიკა, დებატები სხვადასხვა საკითხზე. მე პირადად მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგა ამ ქალაქისა და აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ნამდვილად არ მინდა საზოგადოების და თბილისელების დაყოფა ჩემიანებად და არაჩემიანებად. მე ვარ ყველას მერი. ყველაფერს ვაკეთებდი და მომავალშიც გავაკეთებთ, რომ ამ ქალაქის აღმშენებლობა და განვითარება შეუქცევადი პროცესი იყოს, რაც ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ოპოზიციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის მზადყოფნას, რადგან მისივე თქმით, ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა ქვეყნისა და ქალაქისთვისაც მნიშვნელოვანია.

„მზად ვარ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის, მათ შორის, იმ ადამიანებთან, რომლებიც თბილისის საკრებულოში არიან წარმოდგენილნი. მოვიდნენ, დავსხდეთ, ვისაუბროთ. მხოლოდ ჩვენ კი არ ვიცით ამ ქალაქის პრობლემები. შეიძლება რაღაც შეგვეშალოს, გამოგვრჩეს. შესაბამისად, თანამშრომლობა საჭიროა. აუცილებელი არაა მეგობრები ვიყოთ, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესის წარმართვა, თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის და საზოგადოებისთვის და ზოგადად, ამ ქალაქის განვითარებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: რატომ უნდა უხაროდეს ვინმეს, თუნდაც ყოფილი პრეზიდენტის ციხეში ყოფნა, მაგრამ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს
შემდეგი სტატიათბილისის მერმა რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა