კახა კალაძე – ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოს, ისეთ მდგომარეობაში არიან, სჯობს, საკუთარ თავზე იფიქრონ, რადიკალების სახით დღეს ვხედავთ გაფარჩაკებულ ოპოზიციას

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ვერანაირი სანქცია და შანტაჟი ვერ შეაშინებს, როცა საუბარია ქვეყნის ინტერესების დაცვაზე.

„არაერთხელ განგვიცხადებია, რომ სანქციებითა და შანტაჟით ვერავინ შეგვაშინებს. როდესაც საუბარია ქვეყანასა და მის ინტერესზე, რა არის სანქციებით მუქარისა და შანტაჟის მამოძრავებელი ძალა? რატომ აკეთებენ ამას? ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი: ერთი ის, რომ ქვეყანა არ დავთმეთ, არ ჩავრთეთ ომში, არ გავხსენით მეორე ფრონტი, მიუხედავად იმისა, რომ ამის პირდაპირი მოწოდებები იყო კაბინეტებში კონკრეტული ელჩების მხრიდან. ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, დავასახელო სახელები და გვარები. თურმე ის, რომ ქვეყანა სანქციებს არ შეუერთდა, ყოფილა დანაშაული. თურმე როგორ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, რითაც დავაზიანებდით საკუთარ ქვეყანას, ჩამოვშლიდით ეკონომიკას და გავაუბედურებდით საკუთარ ხალხს. პირდაპირ რეზოლუციაშიც ჩაგვიწერეს ეს. ჩვენ ეს ნაბიჯი არ გადავდგით. შესაბამისად, ვერც სანქციებით დაგვაშინებენ და ვერც შანტაჟით. ყოველთვის დავიცავთ ქვეყანას და მის ინტერესს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ბიძინა ივანიშვილის თანხებზე არ ინერვიულოთ. ისეთ მდგომარეობაში ხართ, სჯობს, საკუთარ თავზე იფიქროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ უმძიმესი მდგომარეობა გაქვთ. დღეს რადიკალების სახით ვხედავთ გაფარჩაკებულ, გაუბედურებულ, გაჩანაგებულ ოპოზიციას და საკუთარ თავზე იფიქრეთ. ბიძინა ივანიშვილს, „ქართულ ოცნებას“ და ქვეყნის ინტერესებს რაც შეეხება, ჩვენ აუცილებლად მივხედავთ ქვეყანას და გავამაგრებთ მის მომავალს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ამ რადიკალების დაჯგუფებას ქვეყნის განვითარებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია
შემდეგი სტატია“დღეს წალენჯიხელთა ყურადღება მიპყრობილია თბილისისკენ” – რა ხდება წალენჯიხაში და რას ამბობს თამარ ბელქანია