კახა კალაძე : მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში უმნიშვნელოვანესია და რაღაც მიმართულებებით არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში არის უმნიშვნელოვანესი და ჩვენი მხრიდან გაკეთდება ყველაფერი, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, თბილისში პარკების, რეკრეაციული ზონების მშენებლობასა და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ პროცესში მოსახლეობის მხარდაჭერა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

„საზოგადოების, მოსახლეობის მხარდაჭერა და თანადგომა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან რაღაც მიმართულებებით მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოწვეული იქნება ქალაქის ინტერესებიდან, ჩვენი მომავალი თაობების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მან მერის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, შესაბამისმა სამსახურებმა თბილისში მდებარე დიდი პარკების სარეაბილიტაციო პროექტების მომზადებაზე იმუშაონ.

„ნამდვილად არ არის სახარბიელო არსებული საქალაქო პარკების მდგომარეობა, შესაბამისად, წელს პროექტები რომ გაამზადოთ და მომავალ წელს დავიწყოთ 12-ვე დიდი პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პარკების კულტურა დაბრუნდეს და ადამიანებისთვის უქმეებზე პარკებში დასვენება და შესვლა კომფორტული და სასიამოვნო იყოს.

„საზოგადოებაც ითხოვს ამას და ჩვენი მხრიდან სჭირდება მოწესრიგება იმ ინფრასტრუქტურას, რაც გაგვაჩნია, რაც არ არსებობს, ახლის შექმნა“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : მინდა, მივმართო ახალგაზრდებს, თავისუფლების ჟინი და მიზანსწრაფულობა არასოდეს დაგეკარგოთ
შემდეგი სტატიადღეს გახდება ცნობილი, როდის დაიბარებენ ირაკლი შოთაძესა და მირზა სუბელიანს საგამოძიებო კომისიაში