კახა კალაძე – მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩას თუ უბანს დავუტოვებთ დედაქალაქს

მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩას თუ უბანს დავუტოვებთ დედაქალაქს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განუცხადა.

კალაძის თქმით, წელსვე დაიწყება გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაც.

„სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ძალიან კარგი ტემპია, ხედავთ რა მასშტაბის სამუშაოები ტარდება. დაახლოებით 45 მილიონი იხარჯება ამ პროექტის განხორციელებაში, რეაბილიტაციაში, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი დედაქალაქში. 18 კონკრეტული ადგილიდან 13 არის ისტორიული ძეგლი. ეს არის ის სიმდიდრე, რომელიც ჩვენ ქალაქს გააჩნია. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ყველაფერს მოვლა პატრონობა და მოწესრიგება სჭირდება. მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და აქ მცხოვრები ადამიანები, ვინც კონკრეტულ შენობა-ნაგებობებში ცხოვრობს, თუ მათი საცხოვრებელი ფართი დღეს ღირს მაგალითად 100 ლარი, ეს თანხა რეაბილიტაციის შემდეგ გაორმაგდება. აქ მცხოვრები ადამიანებისთვის და დედაქალაქისთვის ეს პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ქალაქს კიდევ ერთი საინტერესო რეაბილიტირებული ადგილი შეემატება. ჩვენ ვაგრძელებთ ისტორიული უბნების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, წელს დაგეგმილი გვაქვს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და მომდევნო 4 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრ რეაბილიტირებულ ქუჩას თუ უბანს დავუტოვებთ დედაქალაქს“, – განაცხადა კალაძემ.
თავის მხრივ, „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორბელიანის მოედანზე სამი ახალი ნაგებობის აშენება იგეგმება.

„ეს არის პროექტი „ახალი თბილისი“. მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში ვაკეთებთ ორბელიანის მოედნის და მშრალი ხიდის მიმდებარე არეალის რეაბილიტაციას. ახლა ფხოვის ქუჩაზე ვიმყოფებით, სადაც 3 შენობის ხელახალი აშენება უნდა მოხდეს. სულ 18 შენობიდან 13 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ძველი შენობები ფრთხილად დაიშალა და ამჟამად ახალი შენობებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე ვემზადებით ავტოპარკინგის მშენებლობისთვის. ძეგლებზე იხსნება ფასადები და იწმინდება დეტალები. აღდგენის შემდეგ კი ეს დეტალები ფასადებზე დაბრუნდება. ასევე, მიმდინარეობს შენობების კონსტრუქციული გამაგრება და სარდაფების გასუფთავება და კონსტრუქციული ელემენტების დამატება, რაც კიდევ 50-წლიან სიცოცხლეს შემატებს ამ ადგილს. წლის ბოლომდე ვაპირებთ სამუშაოების დასრულებას, თუმცა შევეცდებით უფრო ადრეც დავამთავროთ, რადგან ეს არის ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტი და არტერია“, – განაცხადა ბაიდარაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“გავიგონე ღმუილი, “მომიკლეს შვილი” და დოდო ფეხშიშველი კიბეზე გამოვიდა, მოსდიოდა სისხლი” – მეზობელი ამბობს, რომ მან სავარაუდო მკვლელი დაინახა
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავთ, ზოგად განცხადებებს თავი დაანებოს და კონკრეტულ კითხვებზე გაგვცეს პასუხები