კახა კალაძე: მისასალმებელია ის შეფასება, რაც დადო ეუთო/ოდირმა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მისასალმებელია ის შეფასება, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო/ოდირმა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წარმოდგენილ დასკვნაში გააკეთა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ტერმინები – „სამართლიანი“ და „თავისუფალი“ არც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებთან მიმართებაში გამოუყენებია, აიხსნება იმით, რომ ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინებს რახანია, აღარ იყენებს.

„ამ ტერმინოლოგიას ეუთო/ოდირი უკვე აღარ იყენებს რამდენიმე ათეული წელია. ეს არის რეალობა, ეს არის მოცემულობა. მან ჩვენს არჩევნებზე წარმოადგინა ძალიან კარგი დასკვნა. მართლა გულწრფელად რომ ვთქვათ, 2012 წლიდან მოყოლებული არჩევნებში ვართ და ასეთი მშვიდი საარჩევნო გარემო არ ყოფილა, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, ეწარმოებინა თავისი საარჩევნო კამპანია. ეუთო/ოდირის დასკვნაშიც პირდაპირ გაკეთდა შეფასებები, თუ როგორ წარიმართა არჩევნები და ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

არჩევნები იყო მრავალპარტიული, ხალხს ჰქონდა საშუალება მისულიყო და დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება მშვიდ გარემოში. შესაძლოა, იყო ცალკეული შემთხვევები დაპირისპირების, შეხლა-შემოხლის, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ხდება ასეთი ფაქტები, თუმცა ეს იყო ცალკეული შემთხვევები. საერთო ჯამში, მისასალმებელია ის შეფასება, რაც დადო ეუთო/ოდირმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით კირთაძე: მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას
შემდეგი სტატიაკახა კალაძე მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებაზე: როდესაც იღებ ასეთ გადაწყვეტილებას, ის უნდა იყოს დამყარებული კონკრეტულ მტკიცებულებებზე და ფაქტებზე, რომელმაც უნდა გაუძლოს ყველა ინსტანციას