საქართველოს პარალიმპიელთა ნაკრები ზაფხულის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე გააცილეს. პარასპორტსმენების ფიცის დადების ცერემონიას, რომელიც დღეს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ გაიმართა, დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
თბილისის მერმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ოლიმპიურ თამაშებზე ტატო გრიგალაშვილს წარმატებული ასპარეზობა მიულოცა, პარალიმპიელთა ნაკრებს კი გამარჯვება უსურვა.
„გუშინ პირველი მედალი მოვიპოვეთ და მინდა, ტატო გრიგალაშვილს მივულოცო. ნამდვილად საამაყოა. რა თქმა უნდა, სურვილი იყო, ოქროს მედლით დაბრუნებულიყო, მაგრამ არა უშავს, სპორტში ყველაფერი ხდება. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩვენს პარასპორტსმენებს. აქ უკვე ითქვა, რომ პარალიმპიურ თამაშებზე ექვს სახეობაში 14 სპორტსმენი წარდგება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მიღწევაა. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მიმართულებით მივაღწევთ გამარჯვებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მან ასევე ხაზი გაუსვა სპორტის მიმართულებით სახელმწიფოს მხარდაჭერას.
„ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა სპორტის მიმართულებით. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს გამოწვევები, თუმცა მინდა, ერთ რამეს დაგპირდეთ: ხელისუფლება ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით, სპორტსმენების გვერდით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას, კიდევ უფრო მეტი დარბაზი აშენდეს, კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს, რათა სპორტი იყოს წარმატებული. შემთხვევითი არ არის ის წარმატებები, რაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში მოვიპოვეთ სხვადასხვა მიმართულებით და დარწმუნებული ვარ, თქვენც შეძლებთ ქართველი ხალხის, ქართველი გულშემატკივრის გახარებას. მინდა, წარმატებები გისურვოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ პარალიმპიური ნაკრების 14-წევრიდან ერთ-ერთი – გიორგი ნიკოლაძე თბილისის მერიის თანამშრომელია.