კახა კალაძე – მინდა ყველა მშობელი დავაწყნარო, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით

მინდა ყველა დავაწყნარო და მშობლებს ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით, თქვენი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტით, – ასე მიმართა საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მშობლებს თბილისის მერმა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი დღეს 95-ე საჯარო ბაღში იმყოფებოდა, სადაც საკვების მომზადების პროცესსაც დაესწრო.

”ამ წუთში ვიმყოფებით 95-ე ბაგა ბაღში. მე მივიღე გადაწყვეტილება, მოვსულიყავი ერთ-ერთ ბაღში გაფრთხილების გარეშე, რადგან თქვენ იცით, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სიცრუის კამპანია, თითქოს ბაღებში კვების რაციონი არის შემცირებული და ბავშვები არიან საჭმლის გარეშე. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ერთადერთი, რისი შემცირებაც მოხდა საბავშვო ბაღების მენიუდან, არის შაქარი და მარილი და ესეც განხორციელდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

”ჩვენ გამოვაქვეყნეთ ვიდეო, თუ რითი იკვებებიან ბავშვები. თქვენ ხედავთ, თუ როგორი პირობებია აქ სამზარეულოში, სადაც პატარებისთვის საკვები მზადდება. საკვები არის ბავშვებისთვის საკმარისი. ერთადერთი, რისი შემცირებაც მოხდა, არის მარილი და შაქარი ისევ ჩვენი შვილების და პატარების ჯანმრთელობისთვის. სწორი კვება არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ეს გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს. Unisef-ი იყო ჩართული კვების რაციონის შემუშავებაში, თუ როგორია საერთაშორისო სტანდარტი. არანაირი პრობლემა კვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ხელშეკრულება, რომელიც გაფორმდა კომპანიასთან, არის ერთთვიანი. ტენდერი გამოცხადებულია და ველოდებით ყველა კომპანიას, ვისაც სურს მონაწილეობის მიღება. მინდა ყველა დავაწყნარო და მშობლებს ვუთხრა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს კვებასთან დაკავშირებით, თქვენი შვილები იკვებებიან აბსოლუტურად ჯანსაღი პროდუქტებით”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მებრძოლები დააჯილდოვა
შემდეგი სტატიასაბავშვო ბაღებში ბავშვების დატოვება შესაძლოა, ორი საათით გახანგრძლივდეს