კახა კალაძე – მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება

region
ავტ.: region ნოემბერი 24, 2020 19:29

კახა კალაძე – მგონი, როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ აუცილებელია შეთანხმება

როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ შეთანხმება აუცილებელია,- ამის შესახებ თბილისის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების მესამე რაუნდთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ინტერესებია.

“ამ დღეების განმავლობაში ცხადი იქნება, თუ როდის გაიმართება ეს შეხვედრა. მნიშვნელოვანია ის, რომ მგონი ყველა აცნობიერებს – როგორც ხელისუფლება, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ აუცილებელია მოხდეს შეთანხმება. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ნაწილი ოპონენტებისა ფიქრობს ასე, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა.

მოლაპარაკებებში ჩართული არიან ფასილიტატორი ელჩები, რისთვისაც მინდა მათ დიდი მადლობა გადავუხადო, თუმცა, კარგი იქნებოდა მეგობარი ქვეყნების ჩართულობა არ სჭირდებოდეს ქვეყნის შიგნით პოლიტიკის კეთებას და მათ გარეშე შეგვეძლოს ურთიერთობის დამყარება, მოლაპარაკების წარმოება. თუმცა, ალბათ ჯერ არ ვართ მზად ამისთვის, ამას სჭირდება გარკვეული დრო და აქამდეც მივალთ”, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რამდენად შეიძლება შეთანხმების საგანი იყოს პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რაზეც აღნიშნა: “ვისმენთ გარკვეულ განცხადებებს, თუმცა, ეს შეთანხმების ან მოლაპარაკების საგანი ხელისუფლებასთან არ ყოფილა. მას შემდეგ იქნება კონკრეტიკა, როცა შეხვედრა იქნება.”

region
ავტ.: region ნოემბერი 24, 2020 19:29