,,კახა კალაძე მეცამეტე დღეა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პირსახოცად არის ქცეული”

კახა კალაძე მეცამეტე დღეა, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პირსახოცად არის ქცეული, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილი გამოეხმაურა თბილისის მერის განცხადებას, რომლის თანახმადაც, აქციის დაშლა არ იგეგმებოდა, არც მომხდარა და ეს იყო მოგერიება.

„დედაქალაქის მერი უკვე მეცამეტე დღეა, რაც ფაქტობრივად, გიორგი გახარიას პოლიტიკურ პირსახოცად არის გადაქცეული და მაქსიმალურად ცდილობს მის გაპრავებას. კახა კალაძის განცხადებით, გიორგი გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს. ის დღეს ყველანაირ მორალურ საზღვარს გასცდა და თქვა, რომ ეს არ იყო აქციის დარბევა, თურმე, ეს არ იგეგმებოდა და ეს იყო უბრალოდ, მოგერიება. ახალი მესიჯბოქსი აქვთ, რომ 20 წლის გოგონა, რომელიც რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა აქციაზე და თვალი ამოუღეს, თურმე შტურმს ახორციელებდა პარლამენტზე. კალაძის თვალით დანახული ადამიანი, რომელსაც მიბჯენით ესროლეს თავში, თურმე შტურმს აპირებდა პარლამენტზე, თურმე ათი ათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელიც დაშავდნენ იმ დღეს, თურმე შტურმს ცდილობდნენ პარლამენტზე შიშველი ხელებით“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, სანამ დაიწყებოდა აქციის დაშლა კალაძეს, როგორც დედაქალაქის მერს, ჰქონდა ვალდებულება, საჯარო განცხადებით მიემართა თბილისელებისთვის და მოეწოდებინა, მშვიდობიანად დაშლილიყვნენ.

„მნიშვნელოვანია, კალაძეს შევახსენოთ, რომ მისი პირდაპირი ვალდებულებაა, ეს აქცია სანამ დაიშლებოდა და დაიწყებდა შსს მის მოქალაქეებზე იერიშის მიტანას, მას გაფრთხილება აუცილებლად უნდა გაეკეთებინა. ასე რომ, მას არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობაც ეკისრება.

მესამე და მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს – კახა კალაძე არის მედროვე ადამიანის ნათელი მაგალითი, წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამბობდა იგივეს, ანუ რომ ოპოზიცია იყენებს ხალხს და ოპოზიციას უნდა არეულობა და დღესაც იმავეს ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს, როცა ხელისუფლებაში მგზნებარედ საუბრობს ხოლმე სისხლიან 9 წელზე, ჩვენ გაჩვენებთ მის 2007 წლის განცხადებას, სადაც ის ამბობდა, რომ ოპოზიციის ბრალი იყო ეს ყველაფერი და ხალხს იყენებდა მაშინდელი ოპოზიცია. თუმცა ახლა ზნეც იცვალა, ფერიც იცვალა, შეფასებებიც შეიცვალა და მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ამბობს იმავეს.

არაფერი შეცვლილა, ის მაშინაც ხელისუფლებაში იყო, ახლაც ხელისუფლებაშია, მაშინაც გამპრავებლის ფუნქცია ჰქონდა, ახლაც გამპრავებელია, შესაბამისად, საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს მისი მორალური მხარე. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, მოვა დრო, რომ კახა კალაძემ გასცეს კითხვაზე პასუხი, რატომ არ გააფრთხილა ათი ათასობით მშვიდობიანი მანიფესტანტი აქციის დარბევაზე“, – განაცხადა ლევან ხაბეიშილმა.

banner
წინა სტატიაშიხანძარი ქუთაისში – ცეცხლი ორ სართულიანი სახლის სხვენში გაჩნდა
შემდეგი სტატიალონდა თოლორაია სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა