კახა კალაძე კომპანია “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” პასუხობს

შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს”, საქართველოში გაზის საბადოს აღმოჩენაზე გაკეთებულ განცხადებას ირანიდან პასუხობს.

როგორც კალაძე აცხადებს, გაკვირვებას იწვევს ის მცდელობები და ბუნდოვანი მიზანი, რასაც ენერგეტიკის მინისტრისადმი მიმართული ღია წერილი ისახავდა. მისი თქმით კომპანია ფაქტების ინსინუაციის გზით შეეცადა შეექმნა შთაბეჭდილება თითქოს ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მინისტრი რაიმე სახით ზღუდავს კერძო კომპანიას.

“მსურს ავღნიშნო, რომ სახელმწიფოსა და “ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს” შორის არსებული ურთიერთობები – მათ შორის კორესპონდენციების გაცვლის წესი დარეგულირებულია 1997 წელს გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულების შესაბამისი დებულებებით, აქედან გამომდინარე, წინამდებარე წერილი არ უნდა იქნეს განხილული არსებული ხელშეკრულების კონტექსტში.

გაკვირვება უნდა გამოვთქვა იმ მცდელობაზე და ბუნდოვან მიზანზე, რასაც ისახავდა ჩემდამი მომართული ღია წერილი, კერძოდ კი ფაქტების ინსინუაციის გზით შექმნათ შთაბეჭდილება თითქოს ენერგეტიკის სამინისტრო და პირადად მე რაიმე სახით ვზღუდავთ თქვენს კერძო კომპანიას. წერილის თითოეულ აბზაცში ფაქტების დამახინჯებით ცდილობთ წარმოაჩინოთ თითქოს ჩემი კომენტარი მიმართულია ატლანტიკური საბჭოს ანგარიშის საპირისპიროდ, მაშინ როდესაც ამ ანგარიშის საქართველოსთან დაკავშირებულ ნაწილში საკმაოდ მკაფიოდ არის აღნიშნული „აღმოჩენის“ პირობითობა. თქვენ კი ბატონებო, არაერთგზის დაჟინებით ცდილობთ მეთორმეტე სალიცენზიო ბლოკზე რესურსების არსებობის ალბათობა, მარაგების აღმოჩენის შემდგარ ფაქტად წარმოადგინოთ”, – აცხადებს კახა კალაძე.

ენერგეტიკის მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ თითოეული ბარელი ნავთობი და თითოეული კუბური მეტრი გაზი, რომელსაც აწარმოებს კომპანია მოიპოვება იმ ფორმაციებიდან, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა “ფრონტერას” საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა კომპანიას სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია.

“კიდევ ერთხელ და ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე მინდა ავღნიშნო, რომ თქვენს კომპანიას არ გაუკეთებია ოფიციალური განაცხადი აღმოჩენის შესახებ, მეტიც თითოეული ბარელი ნავთობი და თითოეული კუბური მეტრი გაზი, რომელსაც აწარმოებს თქვენი კომპანია მოიპოვება იმ ფორმაციებიდან, რომლებშიც ნავთობის და გაზის არსებობა თქვენი კომპანიის საქართველოში შემოსვლამდე დიდი ხნით ადრე იყო დადგენილი, ხოლო ახალი რესურსების ათვისების არავითარი გეგმა თქვენს კომპანიას სახელმწიფოსთვის არ წარმოუდგენია. თქვენი განცხადებების ფონზე განსაკუთრებით გაკვირვებას იწვევს კომპანიის პერმანენტული მცდელობა თავი აარიდოს სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებას, თქვენი ამ ქმედებების უკანონობა დადასტურებულია ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით (საქმე # 4/3464-15, 15.05.15: ფრონტერა სახელმწიფო სააგენტოს წინააღმდეგ). ხასგასმით ავღნიშნავ, რომ საქართველოს ეკონომიკაში განხორციელებული თითოეული ცენტის ინვესტიცია თანაბრად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენ მზად ვართ გვერდში დავუდგეთ და დავეხმაროთ ყველა კეთილსინდისიერ ინვესტორს”, – აცხადებს კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” დავით უსუფაშვილს მიმართავენ
შემდეგი სტატიაC ჰეპატიტით დაავადებულებს დღეიდან ახალი პრეპარატით, ჰარვონით მკურნალობა შეუძლიათ