კახა კალაძე კოალიციის დაშლაში ტრაგედიას ვერ ხედავს

ქართული ოცნების კოალიციის დაშლაში კახა კალაძე საგანგაშოს ვერაფერს ხედავს, თუმცა ამბობს, რომ მას სურვილი აქვს, 2016 წელს არჩევნებზე კოალიციის სახით წარსდგნენ.

“2012 წლიდან ვამბობდი, რომ კოალიციის, იმ ერთობის, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ შეიქმნა, მთავარი ამოცანა იყო სააკაშვილის ხელისუფლების არჩევნების, მშვიდობიანი გზით ჩანაცვლება, რაც ჩვენ მოვახერხეთ და ნამდვილად გავაკეთეთ. კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის პარტიები. 2012 წელს გვქონდა განსხვავებული რეალობა, დღეს აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს. ამიტომ იმაში, რომ შესაძლებელია კოალიცია სამომავლოდ დაიშალოს, ვფიქრობ, ტრაგიკული არაფერია. პირიქით, ეს არის ნორმალური პროცესი, თუ ეს ასე მოხდება, ამაში არაფერი საგანგაშო არ არის. თუ ერთობლივად წარვდგებით, ესეც პრობლემა არ არის და ჩემი დიდი სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენ ერთობლივად კოალიციურ რეჟიმში წარვდგეთ არჩევნებზე”, – განაცხადა კალაძემ.

როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, პარტია “ქართული ოცნება” არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მმართველი ძალა ქვეყანაში, თუმცა რაც შეეხება სხვა პარტიებს, კალაძის თქმით, ყველა მათგანს აქვს გარკვეული შანსი, რომ არჩევნებში მონაწილეობის შემდეგ გარკვეული ხმები მიიღოს.
“არ მგონია ამ მიმართულებით კონკრეტულ პარტიებს რაიმე პრობლემა გააჩნდეს. შეიძლება იყოს ისეთი პარტიები, რომლებსაც ბარიერის გადალახვაც გაუჭირდეთ, არც ესაა გამორიცხული, თუმცა როგორც პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი მივესალმებოდი, თუ კოალიციურ რეჟიმში წარვდგებოდით არჩევნებზე”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კოალიციაში შემავალ ყველა პარტიასთან მოხდება შეხვედრა. “არა მხოლოდ “რესპუბლიკურ პარტიასთან”, არამედ ყველა პარტიასთან იქნება შეთანხმება, რომელსაც უხელმძღვანელებს კოალიციის ლიდერი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვრიკაშვილი. ჩვენ ყველა პარტიას შევხვდებით, იქნება განხილული სხვადასხვა თემები, რა ხედვები აქვთ მათ, როგორ ვხედავთ ჩვენ კოალიციურ რეჟიმში ქვეყნის განვითარების გეგმის წარდგენას და ა.შ.”, – განაცხადა კალაძემ.

https://youtu.be/86bv5HuzPyI

 

banner
წინა სტატიაში,,არ უნდა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ ახლა ყველა გავერთიანდეთ ივანიშვილის წინააღმდეგ”
შემდეგი სტატია,,პარტიებთან მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს”