მძიმეა ის ფაქტი, რომ ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და პოლიტიკა ფინანსდება, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი მედიასთან საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩატარებულ გამოძიებას, რამაც დავით კეზერაშვილი და მისი გარემოცვა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა.
„მთელმა მსოფლიომ გაიგო, ვინ ძარცვავდა ამ წლების განმავლობაში პენსიონერებს. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაშიც მიმდინარეობს გამოძიება და ბევრი ადამიანია დაკავებული. კეზერაშვილის დაკავებას რაც შეეხება, ალბათ რაღაც დონეზე სჭირდებათ და იყენებენ რაღაცისთვის. საქმე ძალიან ცუდია იმ თვალსაზრისითაც რომ, გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა. ამაზე დიდი სიბინძურე რა შეიძლება იყოს, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, ტელევიზიები და წინასაარჩევნო კამპანია ნაძარცვი ფულით ფინანსდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.