კახა კალაძე – გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის

გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა

კითხვაზე, არის თუ არა „ქართულ ოცნებაში“ აზრთა სხვადასხვაობა დავით კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მმართველი გუნდის ერთ-ერთი წევრი, კახა ოქრიაშვილი კირკიტაძის პატიმრობაში დატოვებას მხარს არ უჭერდა, კალაძე განმარტვას, რომ გუნდში ზოგადად აზრთა სხვადასხვაობა არის, თუმცა, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც ქვეყნის კეთილდღეობას ემსახურება, ყოველთვის ერთიანი პოზიცია აქვთ.

„აზრთა სხვადასხვაობა, ზოგადად, ბევრ საკითხთან დაკავშირებით არის. უმრავლესობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ერთ მოსაზრებაზე იყოს. ეს მიუღებელია გუნდისთვის, დემოკრატიის განვითარებისთვის. ყველას თავისი მოსაზრება აქვს, თუმცა არის საკითხები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ამ საკითხზე გუნდში ყოველთვის არის ერთიანი პოზიცია. ასე რომ ეს თავად კახას გადაწყვეტილება და მოსაზრება იყო. გუნდში არანაირი განხეთქილება არ არის. ამ განხეთქილებებზე ჩვენ რამდენიმე თვის წინაც ვისმენდით საუბრებს, რომ უმრავლესობაში დაპირისპირებაა და ა.შ. არანაირი დაპირისპირება უმრავლეოსობაში არ არის. ყველა ინციდენტს შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა“, – განაცხადა კახა კალძემ.

მისი თქმით, იმ კადრების გათვალისწინებით, რომელიც საზოგადოებამ 16 დეკემბერს ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს იხილა, შეუძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით კირკიტაძის დაკავება პოლიტიკურ ფაქტად შეაფასო.

„როგორ შეიძლება იმ ფაქტის შეფასება პოლიტიკურად, თუ რის გამო იქნა დავით კირკიტაძე დაკავებული. ყველამ ვნახეთ ის კადრები და არავისთვის იყო მოსაწონი. დარწმუნებული ვარ არც ოპოზიციაში და ალბათ, არსებობენ ის ადამიანები, რომლებსაც არ ესიამოვნათ ის, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი პოლიციელს ურტყამს. ეს კანონით ისჯება, შესაბამისად, ამას მოჰყვა რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – მოველოდი უფრო შინაარსობრივ, შედეგზე ორიენტირებულ დიალოგს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ვერც ერთი ფაქტობრივი გარემოება ვერ გამოავლინა