კახა კალაძე – განცხადებები, რასაც დასავლელი პარტნიორებისგან ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა

დასავლელ პარტნიორებს საქართველოს დასჯის მცდელობა აქვთ იმის გამო, რომ ჩვენ დავიცავით ჩვენი ქვეყანა, დავიცავით საქართველოს ინტერესი, ქვეყანა არ შეუერთდა სანქციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას ჟურნალისტმა დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მწვავედ კრიტიკული განცხადებების შეფასება სთხოვა.

თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დასაცავად.

„განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. მე გეკითხებით, გახსოვთ 2012 წლამდე პერიოდი, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ? დღეს ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, როგორი დამოკიდებულებაა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. დღეს განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ეს რადიკალები ვინც არიან, რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პირიქით აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვინც მათ აზრზე არაა, სახლებში უვარდებიან თავიანთი ტელევიზიებით და ასე შემდეგ. ავიღოთ გამჭვირვალობის კანონი. როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან ეწინააღმდეგებოდეს განვითარებას, დემოკრატიულობას? გვსჯიან იმის გამო, რომ არ შევუერთდით სანქციებს და საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მეწარმეს და ქართველ გლეხს დავაზიანებდით. საქართველოს გამოყენება კი არ მოხდება არცერთი ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ საკუთარ ხალხს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიცესკო – საუბნო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგებზე ხელის შეშლის ფაქტები დაფიქსირდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი – 12 წელი დაგვჭირდა, რომ 2008 წლის ტრაგედიისათვის პოლიტიკური შეფასება მიგვეცა, დღეს, ყოველგვარი მორიდების გარეშე ვსაუბრობთ ომის გამჩაღებელ „ნაციონალურ მოძრაობაზე“