კახა კალაძე: გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე

region
ავტ.: region ნოემბერი 10, 2020 19:44

კახა კალაძე: გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე

თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს პოლიტიკური კონსესუსისა და მოლაპარაკებებისკენ, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორებიც ჩაერთვებიან.

„ყველამ ვიცით, რომ ქართული დემოკრატია ჯერ კიდევ ახალგაზრდა და გამოუცდელია.

ჩვენ მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობის ჯერ კიდევ ხანმოკლე ისტორიის მანძილზე, მას ბევრი გამოცდა შეხვდა.

დემოკრატიული ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი – თავისუფალი არჩევნები ჩვენ თვალწინ დაიხვეწა.

გუშინდელი დღესავით გვახსოვს უბნების დარბევა, უბნებში ნიღბიანი, შეიარაღებული ხალხის შევარდნა, საარჩევნო ყუთების გატაცება და ბიულეტენების მასიური განადგურება.

გუშინდელი დღესავით გვახსოვს დრო, როდესაც ქვეყნის ლიდერები, თითქმის, ასპროცენტიან მოდელირებულ მხარდაჭერას იღებდნენ, რაც, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია მრავალპარტიულ დემოკრატიულ ქვეყანაში.

ამ მყიფე დემოკრატიის წიაღში დამკვიდრდა ტერმინი – რეჟიმი, რომელიც ჩვენი სახელმწიფოს და დემოკრატიის არაჯანსაღ მდგომარეობას ცხადყოფდა.

დემოკრატია ვერ იქნება ვერც ფასადური, ვერც ფსევდო და ვერც მხოლოდ პიარისთვის გამოსაყენებელი განსაზღვრება.

ჩვენ წლიდან-წლამდე ვცდილობთ დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარებას და დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებას.

ჩვენ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შეიძლება ჰქონდეს ტექნიკური ხარვეზები, რომლებიც ყველა არჩევნებს თან სდევს; მათი გამოსწორებისთვის ჩვენ, საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ვმუშაობთ და ყველაფერს ვაკეთებთ.

ამის ნათელი დადასტურებაა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და მისი შემდგომი პროცესიც – საჩივრების განხილვა, საჩივრების საფუძველზე ოპოზიციის უფლებამოსილ წარმომადგენელთა და არასამთავრობო ორგანიზაციათა უშუალო მონაწილეობით უბნების გადათვლა, მათი საფუძვლიანი პრეტენზიების გათვალისწინება და ა.შ.

ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველა პარტიას და არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს – თუკი მართლა გვინდა კონკრეტული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ამომრჩევლისთვის, ქუჩის, დესტრუქციის ნაცვლად, რაც არავისთვის არავითარი სიკეთის მომტანი არ არის, პროცესი მოლაპარაკებების ფორმატში გადავიტანოთ და მასში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც ჩავრთოთ.

გამოხატვის თავისუფლების ერთმა ფორმამ არ უნდა გადაფაროს და შეიწიროს მეორე. ჩვენმა მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა, ამიტომაც, მოდით განვაგრძოთ მუშაობა, რათა არცერთი ადამიანის, არც თქვენი და არც ჩვენი ამომრჩევლის ხმა არ დაიკარგოს!

ქვეყანა უამრავი საშინაო, რეგიონალური და საგარეო გამოწვევის წინაშე დგას.

არჩევნებზე ხალხის აქტიურობა, პირველ რიგში, ერთიანი გზავნილია ხელისუფლებისა და ოპოზიციისადმი, რომ ვიმუშაოთ ერთად, კონსტრუქციულად და კონსოლიდირებულად ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

მოლაპარაკება, პოლიტიკური კონსესუსი, საქმიანი ატმოსფერო – სწორედ ამას ელოდება ჩვენგან საქართველო და ქართველი ხალხი!“, – წერს კახა კალაძე.

region
ავტ.: region ნოემბერი 10, 2020 19:44