კახა კალაძე გამგებლებს – როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს გამგებლები აგებთ

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ყოფილ გამგებლებს, რომლებიც მუშაობას დედაქალაქის საკრებულოში განაგრძობენ, ახალ თანამდებობებზე წარმატებები უსურვა.

კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მათ გამგებლობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელ სხდომას ესწრებიან გამგებლები, მათ შორის, უკვე ყოფილი გამგებლები, რომლებიც მუშაობას საკრებულოში განაგრძობენ. მინდა, მათ წარმატება ვუსურვო და მადლობა გადავუხადო თავიანთი საქმიანობისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ის ოთხი წელი, რაც ჩვენ თბილისელებთან ერთად, ყველა რაიონში, უბანსა და ქუჩაზე გავაკეთეთ. საზოგადოებამ მადლიერების ნიშნად, არჩევნებში მხარი დაგიჭირათ და მოგცათ შესაძლებლობა, რომ იყოთ მათი ღირსეული წარმომადგენლები საკრებულოში. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი კიდევ უფრო ეფექტური იქნება, კიდევ უფრო ბევრ და მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. კიდევ უფრო მეტი თანადგომა იქნება იმ ოჯახების მიმართ, ვისაც დღეს ჩვენი გვერდში დგომა ყველაზე მეტად ესაჭიროება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ასევე, მიმართა იმ გამგებლებს, რომლებიც მომდევნო ოთხი წელი კვლავ რაიონული გამგეობების ხელმძღვანელობას განაგრძობენ და აღნიშნა, რომ ყველა გამგებელი პასუხისმგებელია, როგორც უშუალოდ მერის, ასევე, თითოეული მოქალაქის წინაშე.

კახა კალაძის თქმით, აუციელებელია მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაცია და როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება სწრაფი რეაგირება, პასუხს კონკრეტულ თანამშრომელთან ერთად, გამგებლებიც აგებენ.

„რაც შეეხება იმ გამგებლებს, ვინც თქვენს რაიონებში მუშაობას განაგრძობთ, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მომდევნო ოთხი წელი, რადგან საზოგადოება ჩვენგან კიდევ უფრო მეტს ელოდება. განსაკუთრებული კომუნიკაცია უნდა გქონდეთ თქვენს რაიონში მცხოვრებლებთან, არ უნდა იყოს ბარიერები, თუნდაც გამგებლებთან შეხვედრასთან ან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. აუცილებელი და სწრაფი რეაგირება უნდა იყოს შემოსულ ზარებზე. იყო გარკვეული შემთხვევები, რომ პარკებში ზიანდებოდა ატრაქციონები, შემოდიოდა შეტყობინება და ამაზე არ იყო მკაცრი რეაგირება. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. არამხოლოდ ის კონკრეტული თანამშრომელი, ვინც დროული რეაგირება არ მოახდინა, არამედ გამგებლები აგებთ პასუხს და დატოვებთ თქვენს თანამდებობას. ეს ყველამ გაითავისეთ, რომ როდესაც ამა თუ იმ შეტყობინებაზე არ იქნება რეაგირება, პასუხს გამგებელები აგებთ. თქვენ ხართ პასუხისმგებლები ჩემთან და თბილისელებთან მიმართებაში, ხოლო თქვენი თანამშრომელი რომ უპასუხისმგებლოდ იქცევა, ესეც თქვენი პასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ქალაქს განსაკუთრებული ყურადღება და გაათმაგებული ენერგიით ზრუნვა სჭირდება.

„ისე დაალაგეთ თემა, რომ ამაზე არ მოგვიწიოს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. არავის მოვერიდებით. ჩვენთვის მთავარია დედაქალაქის მოსახლეობა. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღებით, გაათმაგებული ენერგიითა და ენთუზიამით მივხედოთ ამ ქალაქს, რომელიც საზოგადოებამ ჩვენ გვანდო. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. ვაკეთოთ საქმე, საქმე და საქმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – როგორც ჩანს, ნინო ლომჯარია არ ენდობა სტრასბურგის სასამართლოს ან კომპეტენციას უწუნებს
შემდეგი სტატიამაჭარაშვილი – კონსილიუმის წევრებმაც დაადასტურეს, რომ მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში არის შესაბამისი აღჭურვილობა და მობილიზებულია ექიმთა ჯგუფი