კახა კალაძე – ესპანეთი, ისევე როგორც საქართველო, ერთიანი და განუყოფელია

ესპანური El Mundo თბილისის ახალარჩეულ მერთან ინტერვიუს აქვეყნებს. გამოცემა კახა კალაძის საფეხბურთო და პოლიტიკურ კარიერას მიმოიხილავს.

სტატიის ავტორის თქმით, პოლიტიკაში წასვლამდე კალაძე ისეთ ცნობილ ფეხბურთელებთან ერთად თამაშობდა, როგორებიც არიან მალდინი, გატუზო, პირლო და სხვები.

“შემეძლო, პენსიაზე გავსულიყავი, რომ არა ის, რაც საქართველოში მოხდა. 2012 წელს ხალხის პროტესტმა მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ მაიძულა, წავსულიყავი პოლიტიკაში”, – ამბობს კალაძე El Mundos-თან ინტერვიუში.

ავტორი ხაზს უსვამს, რომ კალაძეს პოლიტიკაში წასვლისკენ მისი ძმის გატაცებამ და მკვლელობამაც უბიძგა.

“კალაძის ნათლია ბიძინა ივანიშვილი იყო, რომელმაც 2012 წელს არჩევნები მოიგო და გამოუცდელი კალაძე ენერგეტიკის მინისტრად და ვიცე-პრემიერად დანიშნა”, – წერს ესპანური გამოცემა.

სტატიაში ნათქვამია, რომ კალაძის კონკურენტები, თბილისი მერობისთვის ბრძოლაში, ყოფილი ჟურნალისტები და ერთი აქტივისტი იყვნენ.

“საერთო ჯამში, საქართველოს საზოგადოება ძალიან პოლიტიზებულია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 25 წლიანი პერიოდი ქვეყნისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, ამიტომ ყველა ცდილობს საკუთარი წვლილის შეტანას. ზოგიერთი დადებით კვალს დატოვებს, ზოგიც არა”, – აცხადებს კალაძე.

სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს დასავლეთთან დაახლოების სწრაფვაზე, “რაც დიდ მოედნებზე აღმართულ ევროკავშირის დროშებშიც ჩანს”. ამავე დროს ხაზგასმულია, რომ საქართველოს რთული ურთიერთობები რუსეთთან იდეოლოგიურთან ერთად, ტერიტორიულ საკითხს უკავშირდება.

“ჩვენ ამ ტერიტორიებს რუსეთის მიერ ოკუპირებულად განვიხილავთ და მადლიერები ვართ, რომ ცივილიზებული სამყარო აღიარებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ესპანეთი, ისევე როგორც საქართველო და ბევრი სხვა ქვეყანა, საკუთარ საზღვრებში განუყოფელი და ერთიანია. ჩვენ ვიცით, რა დანაკლისს იწვევს დაყოფა. მე არ ვუსურვებდი იგივეს მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას”, – ამბობს კახა კალაძე.

სტატიის ავტორი ტაქსით მგზავრობის დეტალებს აღწერს და ამბობს, რომ ბუშის ქუჩაზე მგზავრობის დროს, ერთ-ერთმა მძღოლმა მას აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ფოტოზე მიუთითა და უთხრა, რომ კარგი კაციაო.

პუბლიკაციის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ყოფილი ფეხბურთელის ქარიზმა ყველაზე ვერ მოქმედებს, ზოგიერთი კალაძეს “პრორუს პოლიტიკოსად” მიიჩნევს და ამ მოსაზრების გასამყარებლად მისი მინისტრობის დრო “გაზპრომთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას ასახელებს, რომლითაც გაზი საქართველოს გავლით სომხეთს მიეწოდება.

“სპორტი – პოლიტიკას ჰგავს. ორივე შემთხვევაში ყველაფერი უნდა დათმო, უნდა იყო გულახდილი მხარდამჭერებთან. უნდა გაიზიარო მიღწევები და წარუმატებლობაც. ცხოვრებაც სპორტს ჰგავს, სადაც გამარჯვება და მარცხი ერთმანეთს ენაცვლება” – ამბობს El Mundo-თან ინტერვიუში კახა კალაძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ჯანსუღ ჩარკვიანის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა
შემდეგი სტატიაბექა ხახუბიას დაღუპვის საქმის ერთ-ერთი მოწმე ავარიასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობს