კახა კალაძე – ეკა ბესელიას თუ აქვს მტკიცებულება და ინფორმაცია, შესაბამის სამსახურებს უნდა მიაწოდოს

ეკა ბესელია უნდა იყოს პირველ რიგში ის ადამიანი, ვინც ითანამშრომლებს შესაბამის სამსახურებთან, მიაწოდებს ინფორმაციას, რომ თავიდანვე, საფუძველშივე ეს პრობლემა მოგვარებული იყოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ეკა ბესელიას განცხადებასთან დაკავშირებით გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟთან დაკავშირებით.

კალაძე მიიჩნევს, რომ ეკა ბესელიამ მის ხელთ არსებული ინფორმაცია გამოძიებას უნდა მიაწოდოს.

„თუ ეკა ბესელიას აქვს რამე მტკიცებულება, რამე სერიოზული საკითხი იცის ამ თემასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება მივიდეს და მიაწოდოს ინფორმაცია. თავად ეკა ბესელია აღმოჩნდა იმ სიბინძურის მსხვერპლი, რაც იყო გავრცელებული. მით უმეტეს, თუ ვინმეს აშანტაჟებენ ასეთი მასალებით, ეს არის უმძიმესი, ძალიან მძიმეა. არავისთვის არ არის მისაღები და ეკა უნდა იყოს პირველ რიგში ის ადამიანი, ვინც ითანამშრომლებს შესაბამის სამსახურებთან, მიაწოდებს ინფორმაციას, რომ თავიდანვე, საფუძველშივე ეს პრობლემა მოგვარებული იყოს, რათა ვინმე სხვა არ აღმოჩნდეს იმ სიბინძურის მსხვერპლი, როგორც თავად ეკა აღმოჩნდა”,- განაცხადა კახა კალაძემ.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ გუშინ განაცხადა, რომ გარკვეული პირების პირადი ცხოვრებით შანტაჟი ახლაც ხდება და არსებობს რამდენიმე ასეთი ფაქტი.

ამასთან, აღნიშნული განცხადების შემდეგ ეკა ბესელია გენერალურ პროკურატურაში დაიბარეს. როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმე ეხება ეკა ბესელიას განცხადებებს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლასა და შანტაჟზე. ამასთან, პროკურატურის ცნობით, დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარიამ საქართველოში სომხეთის ელჩი მიიღო
შემდეგი სტატიასაქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორად შეინ როზენტალი ინიშნება