კახა კალაძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას

კახა კალაძე: ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც ჩრდილს მიაყენებს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას

ასე შეაფასა თბილისის მერმა კახა კალაძემ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია.

კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ხელისუფლება მოვლენებს აკვირდება, რის მიხედვითაც გადადგამს დიპლომატიურ და პოლიტიკურ ნაბიჯებს.

„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკრაინის ამჟამიდელი ხელისუფლების საფიქრალია. პოლიტიკული დისკომფორტი უნდა იყოს, როცა სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის, სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ორგზის დამნაშავედ ცნობილ პირს სთავაზობს მაღალ პოლიტიკურ თანამდებობას. ერთგვარი პოლიტიკური დეჟა ვუ მაქვს, მეორედ სთავაზობს უკრაინის მორიგი პრეზიდენტი სააკაშვილს თანამდებობას. ამ თემაზე გაჩნდა, რა თქმა უნდა, კითხვები და მედიის ინტერესი. პირველად როგორ დასრულდა სააკაშვილის მოღვაწეობა პოროშენკოს დროს, ძალიან კარგად გვახსოვს და ზელენსკის გუნდმა ეს უნდა გაანალიზოს. ჩვენ ამ ეტაპზე თვალს ვადევნებთ მოვლენებს და, რასაკვირველია, შესაბამის დიპლომატიურ თუ პოლიტიკურ ნაბიჯებს აუცილებლად გადავდგამთ. ჩვენთვის უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და ეს მუდმივი მოცემულობაა, ამას ვერაფერი ვერ შეცვლის და დარწმუნებული ვარ უკრაინასაც იგივე განწყობა აქვს საქართველოს მიმართ“,- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსა და უკრაინას უამრავი რამ აერთიანებს, მათ შორის პრობლემები და საერთო მტერი, რასაც პოლიტიკოსებმა ანგარიში უნდა გაუწიონ.

„ყველას კარგად გახსოვთ ცხოვრების საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ამ ქვეყანაში. ჩემი მეგობრების დიდი ნაწილი ცხოვრობს იქ და გული შემტკივა უკრაინაზე, ვგულშემატკივრობ ისევე, როგორც საქართველოს და მინდა, რომ როგორც პრობლემები, საერთო მტერი და მიზნები გვაერთიანებს, ასევე ერთიანები ვიყოთ ყველა ასპექტში, ყველა საკითხში. პოლიტიკაში ცხოვრებისგან განსხვავებით ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, არ გამოდის ცალმხრივი პარტნიორობა და მეგობრობა, არ გამოდის ცალმხრივი ანგარიშგაწევა და თანდგომა, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, წინა პრეზიდენტის დროს, საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების უკრაინაში დასაქმების ფაქტზე არ გვქონია მძაფრი რეაქცია, ვინაიდან მაშინ სააკაშვილი არ იყო მსჯავრდებული სასამართლოს მიერ. ახლა კი მისი დანიშვნა, პოლიტიკოსებსა და პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ხალხის მიერაც კი შეურაცხყოფად იქნება მიჩნეული მეგობარი უკრაინის მხრიდან“,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ გეგმა, თუ რას აკეთებს მთავრობა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია – ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სარწყავი წყლის დავალიანება ჩამოეწერებათ და 2020 წლის საფასურისგან გათავისუფლდებიან