კახა კალაძე : დღეს რომ ნულიდან იწყებოდეს ყველაფერი, ატენის ქუჩაზე, ამ კონკრეტულ ადგილზე მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი

დღეს რომ ნულიდან იწყებოდეს ყველაფერი, ატენის ქუჩაზე, ამ კონკრეტულ ადგილზე მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ატენის ქუჩაზე მიმდინარე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც კალაძე აცხადებს, მას არანაირი გზა, მშენებლობის ნებართვის გაცემის გარდა, დარჩენილი არ ჰქონდა.

“გულწრფელად რომ გითხრათ, დღეს რომ პროცესი ნულიდან იწყებოდეს, მშენებლობის ნებართვას არ გავცემდი. ეს პროცესი დაწყებულია 2007 წლიდან და 12 თუ 14 სართული უკვე აშენებულია. მთელი რიგი სასამართლოები და პროცესებია გამართული და სასამართლოს გადაწყვეტილება არის იმასთან დაკავშირებით, რომ კოეფიციენტი, რომელიც 2011 წელს ჰქონდა ამ კომპანიას მიღებული, დატოვა ძალაში. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა მიღებული, მე არანაირი შესაძლებლობა, არანაირი საბაბი არ მქონდა იმის, რომ უარი მეთქვა და ნებართვა არ გამეცა. ვემორჩილები კანონს და ვმოქმედებ კანონის შესაბამისად. თუ მოხდება კიდევ გასაჩივრება სასამართლოში, ეს უკვე ადგილობრივი მცხოვრებლების გადასაწყვეტია. პროცესი რომ თავიდან იწყებოდეს, ამ კოეფიციენტით მშენებლობის ნებართვას არ გავცემდით. თუ გასაჩივრდება ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელებთ. თქვენ იცით, რომ როდესაც მოხდა გასაჩივრება, სასამართლომ დაავალა მერიას, მერს და შესაბამის სამსახურებს, რომ უფრო მეტი დასაბუთება წარმოედგინათ, თუ რატომ იყო გაცემული 8 კოეფიციენტი. შეიკრიბა ზონალური საბჭო, იმსჯელეს და საბჭოს თითოეულმა წევრმა დადო დასკვნა, თუ რატომ არ იყო პრობლემა 8 კოეფიციენტი. შესაბამისად, მაშინდელმა მერმა გამოსცა ბრძანება, პროექტი გაგრძელებულიყო. შემდეგ კიდევ იყო გასაჩივრებული და ეს გასაჩივრება სააპელაციომ გააბათილა. მე ერთადერთი გზა, რაც მქონდა დარჩენილი, ნებართვის გაცემა იყო. ტექნიკური ხასიათის ხარვეზები რაც იყო ჩვენი მხრიდან გამოვლენილი, კომპანიამ გამოასწორა და გააგრძელა მშენებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ატენის ქუჩის მოსახლეობა 27-სართულიანი კორპუსის მშენელობას აპროტესტებს და თბილისის მერიას პროკურატურაში უჩივის.

banner
წინა სტატიაშიბათუმში მშენებარე ობიექტზე დაღუპული მუშების ახლობლები აქციას მართავენ
შემდეგი სტატია„ბაღის პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება“ – კახა კალაძე