კახა კალაძე – ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია, საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა მოღვაწეობა პრობლემების გარეშე გააგრძელოს

ბიუჯეტი, რომელიც წარმოდგენილია, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ პრეზიდენტმა თავისი მოღვაწეობა ყველანაირი პრობლემების გარეშე გააგრძელოს,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ თუ რეალურად შევხედავთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, მგონია, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც დაკორექტირდა და არის წარმოდგენილი, აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ მან თავისი მოღვაწეობა ყველანაირი პრობლემების გარეშე გააგრძელოს. მე ნამდვილად ვერ ვხედავ პრობლემას. თუმცა, იქნება პოლიტიკური სპეკულაციების მცდელობები და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამ ადამიანებს შესაძლებლობა, ვინც ამ თემით სპეკულირებს”,- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება თითქმის 4 მილიონი ლარით მცირდება, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი კი მთლიანად უქმდება. პარლამენტში შესული 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება განსაზღვრულია 6 მილიონი ლარით, მაშინ როცა ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება არ იცვლებოდა და ის 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც 9 800 000 ლარით იყო განსაზღვრული.

ასევე, ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60 ადამიანამდე შემცირდება.

banner
წინა სტატიაშისპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
შემდეგი სტატია“უნდა შეეგუოს ოპოზიცია, ვიღაც იმარჯვებს, ვიღაც მარცხდება” – მმართველი გუნდი დიალოგზე უარს აცხადებს