კახა კალაძე : ბაღების მენიუ გასაჯაროვდება, რათა გარკვეულმა ადამიანებმა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მენიუ გაასაჯაროვა და გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც კვების მენიუ წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ტყუილი უწოდა. მისი თქმით, ახალი მენიუ საქართველოს მთავრობის 2017 წლის ოქტომბრის თვის დადგენილებით განსაზღვრული კალორაჟის ახალი ნორმის შესაბამისად შედგა.
„გაეროს ბავშვთა ფონდი დიდი ხანია აღნიშნავს, რომ საქართველოში ბაგა-ბაღების მენიუს მიხედვით გათვალისწინებული კალორაჟი არ შეესაბამებოდა ევროპულ სტანდარტებს. 2017 წლის ოქტომბრის თვეში საქართველოს მთავრობამ მიიღო N487 დადგენილება, რომლის მიხედვით განისაზღვრა კალორაჟის ახალი ნორმა. აღნიშნული კალორაჟის მიხედვით დამტკიცდა ახალი მენიუ საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად, ჯანდაცვის სპეციალისტების ჩართულობით. არსებულ რაციონში მოიმატა ცილოვანი პროდუქტების რაოდენობამ, მათ შორის ხორცის, თევზის, ყველისა და რძის პროდუქტებმა და შემცირდა ბავშვთა ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტები, მათ შორის მარილისა და შაქრის დღიური ნორმა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუშვებთ პოლიტიკურ სპეკულაციებს ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც ეხება ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. აქ მთავარ სიტყვას ამბობენ სპეციალისტები და ჩვენ ვალდებულები ვართ ზედმიწევნით დავიცვათ მათი რეკომენდაციები“, – განმარტა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიზაზა ბიბილაშვილი : დღეს სიჩუმე დანაშაულში მონაწილეობის ტოლფასია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ნინო ლომჯარია ამ მხრივ ძალიან აქტიური იქნება
შემდეგი სტატიათუ ადამიანმა არ იცის, ვინ არის მისი მაჟორიტარი, შეიძლება მას არ ჰქონდა ისეთი პრობლემა, რომ მაჟორიტარი დაჭირვებოდა – მაღრაძე