კახა კალაძე – არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები

region
ავტ.: region დეკემბერი 15, 2020 19:45

კახა კალაძე – არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ე.წ. აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟის გადაწყვეტილების გამო ოპონენტების კრიტიკის პასუხად.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები.

სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს“, – განაცხადა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ „ქვეყანაში სახარბიელო სოციალური ფონი კვლავ არ არის, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, თუმცა, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული არ და ვერ იქნება, ყოველ შეთხვევაში ჩემი მერობის პირობებში“.

თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში, სადაც მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა, ხმაური და დაპირისპირება იყო.

როგორც გენერალურ ინსპექციაში აცხადებენ, დემონტაჟის მიზეზი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობებია.

region
ავტ.: region დეკემბერი 15, 2020 19:45