კახა კალაძე : ამდენი ხნის განმავლობაში რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ, სირცხვილია

ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება სირცხვილია უბრალოდ. ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისი მთავრობის სხდომაზე განაცხადა და საკუთარ მოადგილეს მიმართა, ეს პრობლემა მალე გადაიჭრას.

კახა კალაძემ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს ტენდერი ცხადდება მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე.

“დღეს ჩვენ ვაცხადებთ ტენდერს მეტროს ვაგონების რეაბილიტაციაზე. 4 ახალი შემადგენლობა გვეყოლება. 20 მილიონია ამისთვის გამოყოფილი. ჩვენი მთავარი მიმართულებაა, რომ განსაკუთრებით პიკის საათებში მოცდის დრო 3 წუთზე ნაკლები გავხადოთ. ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ზიარდება ფოტოები მეტროში არსებულ სიტუაციაზე, ხშირია მეტროს ვაგონების მწყობრიდან გამოსვლის შესახებ ინფორმაციები. ეს, რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა, რომელიც დღეს და გუშინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში სათანადო თანხები არ იყო მიმართული იმისკენ, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. შემთხვევითი არ არის, რომ 2018-2019 წელს 100 მილიონი დაიხარჯება მეტროზე. 70 მილიონი დედაქალაქის ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, 15 მილიონი დოლარი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის მოცემული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მეტროში არსებული ვითარება მოვაწესრიგოთ და მე პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ვიქნებით თითით საჩვენებელი დედაქალაქის მთავრობა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ისე მოაგვარებს და ისე მოაწესრიგებს, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში არ იქნება ასეთი“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა სტატისტიკაც მიმოიხილა თუ რამდენად ხშირად გამოდიოდა წლების განმავლობაში მეტროს ვაგონები მწყობრიდან.

„რაც შეეხება სტატისტიკას მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევებზე, მინდა მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია როგორ იყო წლების განმავლობაში და როგორი მდგომარეობა გვაქვს დღეს. 2017 წელს დაფიქსირდა 326 დაზიანება, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 95 შემთხვევა. 2018 წელს 305 დაზიანება იყო, მგზავრების ევაკუაციის 92 შემთხვევა, 2019 წელს გვაქვს 100 შემთხვევა, მათ შორის, მგზავრების ევაკუაციის 26 შემთხვევა. მგზავრების რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი მეტროში. მაგალითად, 2016 წელს დღეში საშუალოდ მგზავრთა რაოდენობა იყო 273 ათასი და 2019 წელს ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი 100 ათასით. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევა, რომ როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები იყოს ყველანაირად მოწესრიგებული. ამდენი ხნის განმავლობაში, რამდენიმე ჩამონგრეული მეტროსადგური ვერ გავაკეთეთ გარკვეული პრობლემების გამო, ხან პროექტი არ ვარგა, ხან ისეთ პროექტს მოგვაწვდიან, რომ მისი გაკეთება უბრალოდ სირცხვილია, ხან არის ტენდერის ჩავარდნა. ამიტომ, ჩემი თხოვნაა – გაკეთდეს პირდაპირი შესყიდვები. ერთი წელი გავიდა და „ვარკეთილის“ ჭერი ვერ გაგვიკეთებია, სირცხვილია, იმოქმედეთ სწრაფად“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩემი პოლიტიკური მეხსიერება გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე მისი აღმოჩნდა – ბესელია ივანიშვილზე საუბრობს
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო