კახა კალაძე აცხადებს, რომ „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლებთან შესახვედრად მზად არის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზად არის, პირველ აპრილს გამართული აქციის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდეს, რომელიც ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევის შემდეგ გაიმართა.​

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც გავიგე, რომ ახალგაზრდების ჯგუფს ჰქონდა ჩემთან შეხვედრის სურვილი, იმის მიუხედავად, რომ საკითხი პირდაპირ ჩვენი უწყების თემა არ იყო, ამ შეხვედრაზე თანხმობა განვაცხადე.

რაც შეეხება პოლიტიკური იყო თუ არა, როდესაც აქციაზე პოლიტიკოსები გამოდიან – ლაშა ჩხარტიშვილი რომელიც არის „ლეიბორისტული პარტიის“ წევრი, იგივე გრიგოლ გეგელია, რომელიც კენჭს იყრის მთაწმინდაზე. აბა ამას რა ჰქვია, არ არიან პოლიტიკოსები?“ – მიმართა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მოძრაობა არ არის პოლიტიკური.

„აქციაზე იყვნენ მოსული პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ პირდაპირ განვუცხადეთ, რომ მათთან ერთად არ ვიბრძოლებთ. ეს მოძრაობა დაცლილია პარტიულობისგან, თუმცა არის პოლიტიკური და ვითხოვთ უკეთეს სოციალურ და ეკონომიკურ პოლიტიკას ქვეყანაში“, – განაცხადა დღეს ორგანიზაციის წევრმა, ნენო ჩარკვიანმა.

banner
წინა სტატიაშიდაწყებით კლასში ბავშვები დიდ ნიჭს ამჟღავნებენ, დამამთავრებელ კლასებში, ხშირ შემთხვევაში, უმძიმესი შედეგები გვაქვს
შემდეგი სტატიარულოვსმა ზუგდიდის იუსტიციის სახლში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაცია გაიარა