ასეთი პრობლემური თუ არის და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება კანონი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის, მაშინვე უნდა შეჩერებულიყო, – ასე პასუხობს ჟურნალისტის კითხვას თბილისის მერი კახა კალაძე იმასთან დაკავშირებით, რომ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „გამჭვირვალობის კანონზე“ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი ისე შეიტანა, რომ კანონის შეჩერება არ მოუთხოვია.
კალაძის თქმით, „ესეც ცხადყოფს, რომ აბსოლუტურად სისულელეა მათი საჩივარი“.
„რა თქმა უნდა, შეუძლებელია. თუ ასეთი პრობლემურია და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს, გამოდის, მაშინვე უნდა შეჩერებულიყო. აღნიშნული კანონი მოითხოვს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია, ვისგან შემოდის თანხები და რა კონკრეტულ პროექტებს ხმარდება, თუმცა ის გარედან დავალებით შეიფუთა, ვითომ „რუსული კანონი“ იყო. ცხადია, მათ არანაირი არგუმენტი არ აქვთ და ეს არის უბრალოდ გასაჟღერებლად, რომ დავა გაიტანეს და კანონი სტრასბურგში გაასაჩივრეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.