კახა კახიშვილი: ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის შეფასებით, რუმენთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, საქართველოს მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო გაიზრდება.
„ამ ვიზიტის შემდეგ, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე. ბუქარესტში გამართულ შეხვედრებზე ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული საკითხები იქნა განხილული ენერგეტიკის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის და სხვა სფეროებში. მე, ჩემი მხრივ, რუმინეთის იუსტიციის მინისტრთან ერთად მემორანდუმს მოვაწერე ხელი, რომლის საფუძველზე იუსტიციის სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება”, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ორივე უწყების თანამშრომელთა მონაწილეობით სპეციალური ჯგუფიც ჩამოყალიბდება, რომელიც სასჯელაღსრულების სფეროში საქართველოს გამოცდილების შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის და რუმინეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის რუმინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა და რუმინეთის იუსტიციის მინისტრმა ტუდორელ ტოადორმა მოაწერეს ხელი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და დელეგაციამ შეხვედრები რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, სენატის პრეზიდენტ კალინ პოპესკუ ტარიჩეანუსთან, დეპუტატთა პალატის პრეზიდენტ ნიკოლა ელივიუ დრაგნეასთან გამართა. კახა კახიშვილმა ორი ქვეყნის მთავრობათა წევრებს შორის გაფართოებულ შეხვედრასა და საქართველო-რუმინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიღებაშიც მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის სამმართველოსთან დაკავებული შოთიკო ცირგაიას ოჯახის წევრები გაათავისუფლეს
შემდეგი სტატიაალექსეი ნავალნის მოსკოვის ცენტრში უცნობი პირი თავს დაესხა და სახეში “ბრილიანტის მწვანე” შეასხა