კახა კახიშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში კახა კახიშვილი შეხვედრებს სახელმწიფო დეპარტამენტსა და კონგრესის წარმომადგენლებთან გამართავს, სადაც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებსა და სამინისტროს პრიორიტეტებს განიხილავენ.

საქართველოს დელეგაცია ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯეიმს ვოლშს, საკანონმდებლო საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის თანაშემწე რაიან მაკკორმაქს, სენატორ ჯონსონის თანაშემწე კეროლ ფოსტერს და პოლიტიკურ საკითხებში მთავარ მრჩეველ ლიდია უესტლეიქსს, ასევე, ვისკონსინის შტატის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ ლითჩერს შეხვდება.

დაგეგმილია დოჯისა და კოლუმბიის სასჯელაღსრულების დაწესებულებების, ჯონ ბურკის სასჯელაღსრულების ცენტრის, სრულწლოვან მამაკაც მსჯავრდებულთათვის განკუთვნილ და თავისუფლებისთვის მოსამზადებელ დაწესებულებებში სტუმრობა. აგრეთვე, გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა, რომელსაც დემოკრატიის და ადამიანის უფლებათა ბიუროს, იუსტიციის დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი დელეგაციასთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასაც დაესწრება.

banner
წინა სტატიაშიავთანდილ ხურციძეს სასამართლომ აშშ-ში ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაფეთჰულაჰ გიულენი ამერიკულ გამოცემა Politico-ში სტატიას აქვეყნებს