კახა კახიშვილი – როცა საქმე ძალადობრივ დანაშაულთან გვაქვს, მსჯავრდებულის შეფასების ყველაზე კარგი კრიტერიუმი ზეპირი მოსმენაა

როგორც მინისტრს, პოლიტიკური თანამდებობის პირს მიჭირს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე და განცხადებებზე ვისაუბრო, ვინაიდან პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს ვცემ და არ მინდა, საკითხი კონფრონტაციის პირობებში გამოვიდეს. თუმცა, ვინაიდან თემა მძიმეა და საზოგადოება პასუხს ითხოვს, ამიტომ, თავს უფლება მივეცი, ამ საკითხთან მიმართებაში მოკლე განმარტება გავაკეთო, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„იმას, რასაც მსჯავრდებულის დახასიათებას ეძახიან, ვერც დადებითი იქნება და ვერც უარყოფითი, რადგან იქ მოკლე ფაქტებით კონსტატირებული, ინტერვიუს სახით ჩამორთმეული საკითხებია. როდესაც მსჯავრდებულს ეკითხებიან, ინანიებს თუ არა დანაშაულს და ის პასუხობს ვინანიებო, ვერ ჩაწერ, რომ არ ინანიებს, რადგან ეს დასკვნა არ არის. ეს მისი ინტერვიუა“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უმძიმესია, რადგან შესაძლოა, იგივე პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიამ ადამიანის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს და ამ ადამიანმა დანაშაული კვლავ ჩაიდინოს.

„ამისგან დაზღვეული არავინ არის. ამას ვერანაირად ვერ გამორიცხავ. ასი პროცენტით ვერ იტყვი, რომ ადამიანი, რომელიც თავისუფლდება, დანაშაულს აღარ ჩაიდენს და უკან არ დაბრუნდება. თუმცა, ადამიანი კარგად უნდა შეისწავლო, როდესაც მის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას იღებ“, – განაცხადა კახიშვილმა.

როგორც კახიშვილმა აღნიშნა, შესაძლოა, ადამიანი სასჯელის მოხდის პერიოდში დაწესებულებაში კარგად იქცეოდეს, მითითებებს, შიდა განაწესსა და ა.შ არ ეწინააღმდეგებოდეს, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლებაზე, ან შეწყალებაზე გადაწყვეტილება მიიღო.

„მაგალითად, ადამიანმა თუ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ჩაიდინა, პირობითად, ხუთი ადამიანი მოკლა და ამბობს, რომ ინანიებს, მისი გათავისუფლების საფუძველი მხოლოდ ეს ხომ ვერ იქნება?! ამიტომ, გათავისუფლების პროცესში ყველა ობიექტური გარემოება უნდა იქნას შესწავლილი, რომელიც დანაშაულის კვლავ ჩადენის რისკს გამორიცხავს. უნდა იქნას ნანახი განაჩენი, გარემოებები და ა.შ. როცა საქმე ძალადობრივ დანაშაულთან გვაქვს, ყველაზე კარგი შეფასების კრიტერიუმი ზეპირი მოსმენაა“, – განაცხადა კახიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იქნა თუ არა შესწავლილი ვეფხია ბაქრაძის საქმე, კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეკითხვას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უნდა უპასუხოს, რადგან საკითხის შესწავლა მათი პრეროგატივაა.

banner
წინა სტატიაშიქალთა მიმართ ძალადობა – ანა ნაცვლიშვილი ქალთა უფლებებზე მომუშავე ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდება
შემდეგი სტატიაარასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე იმ მოზარდის დაკითხვა გაგრძელდება, რომელსაც დანაშაულის დაფარვას ედავებიან