„ქართული ოცნების“ ყოფილი მინისტრი და დეპუტატი კახა კახიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასაცავად გამართულ საგანგებო ბრიფინგს აკრიტიკებს. კახიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო იმ რეალობის ყოველდღიურად გამეორება, რაც საზოგადოებამ ისედაც იცის.
„პალიტრანიუსის“ ეთერში კახიშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილი პარტიის ცენტრალური ფიგურაა, თუმცა ამის გამო საგანგებო ბრიფინგების ჩატარება საჭირო არ არის.
„ამ ბრიფინგის შინაარსი ისედაც ვიცოდით, ხომ? ის, რომ პარტია დაფუძნებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ და მას ნამდვილად უპირობო რეიტინგი აქვს… მიუხედავად იმისა, ვინ იქნება თავმჯდომარე, ამომრჩეველი ცენტრალურ ფიგურად მაინც მას აღიქვამს. ამაში ახალი არაფერია. მაგრამ რამ განაპირობა გუშინდელი ბრიფინგი იმაზე, რაც ისედაც ანა-ბანაა, ვერ მივხვდი.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც თავს დიდ ფიგურად წარმოადგენს „ქართულ ოცნებაში“, უბრალოდ რომ გავიდეს და თავად დააფუძნოს პარტია, შეიძლება 1%-იც ვერ გადალახოს. ეს ყოველდღიურად რატომ უნდა თქვა, აი, ამას ვერ ვხვდები“, — განაცხადა კახიშვილმა.
ყოფილმა მინისტრმა გამორიცხა ვერსია, რომ ბრიფინგის ჩატარება კობახიძეს თავად ბიძინა ივანიშვილმა დაავალა.
„მე ვიცნობ ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ვიცი, ის არ ეტყოდა, რომ გამოდი, დამიცავი და ბრიფინგი ჩაატარეო… მას მსგავსი არ სჩვევია. ალბათ ბატონ ირაკლი კობახიძეს უნდა კითხოთ, იმიტომ რომ ის დებატებიც ისეთი მწვავე არ იყო, მაგისთვის საგანგებო ბრიფინგი ჩაგეტარებინა. პირიქით, მე მგონია, რომ ზედმეტი ქება ივანიშვილს ზოგჯერ არც სიამოვნებს. ეს ადამიანმა შეძლო არა მხოლოდ ფულის შოვნა, არამედ მისი შენარჩუნებაც და ამ ხელისუფლების გასტუმრებაც. ესე იგი, მთლად მიამიტურად ყველა ქება-დიდებას არც უკვეთავს და არც სჯერა“, — აღნიშნა კახა კახიშვილმა.















