კახა კახიშვილი ერევანში სომხეთის პრემიერსა და იუსტიციის მინისტრს შეხვდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, სომხეთში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაშია უწყების პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად მიხანაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს, სომხეთის იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს, ასევე, სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანს შეხვდება. შეხვედრაზე მხარეები ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და პენიტენციურ და პრობაციის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრებენ. ყურადღება გამახვილდება სომხეთის სასჯელაღსრულების სფეროში არსებულ ვითარებაზე. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი შეხვედრებზე კოლეგებს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებული რეფორმების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის და იმ საერთო გამოწვევების შესახებ ისაუბრებს, რომელიც სომხეთისა და საქართველოს პენიტენციური სფეროს წინაშეა. განიხილება ალტერნატიული სასჯელების, პრობაციის სფეროს განვითარების, ციხის გადატვირთულობის პრევენციის, პენიტენციური
ინფრასტრუქტურის განვითარების, მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვისა და სხვა საკითხები.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, დელეგაციასთან ერთად, ხვალ სომხეთის იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ალტერნატიული სასჯელების აღსრულების სამმართველოს ხელმძღვანელს ლევონ ავეტისიანსაც შეხვდება, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის პოლიციის უფროსთან ვლადიმირ გასპარიანთან.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: უნდა ვისწავლოთ, რომ საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები არის სირცხვილი
შემდეგი სტატიამთავრობის სხდომაზე „კულტურის სტრატეგია 2025“ დაამტკიცეს