კახა კახიშვილი აშშ-ში კონგრესმენთა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესმენთა ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.

კახა კახიშვილმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული ძირეული რეფორმების შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო საკითხებში კონგრესმენ დაფის ოფისის თანაშემწე რაიან მაქკორმაკს მიაწოდა. ამასთან, საქართველოს დელეგაციამ, მინისტრის ხელმძღვანელობით, სენატორ რონ ჯონსონის ოფისის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

მინისტრის თქმით, 2012 წლიდან განხორციელებული ცვლილებების მიზანს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების შექმნა, პენიტენციურ დაწესებულებებში სარეჟიმო პირობების უზრუნველყოფა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისობაში მოყვანა, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გზით განმეორებითი დანაშაულის ჩადენის პრევენცია წარმოადგენდა.

„საკანონმდებლო ცვლილებები სასჯელის ეფექტიან აღსრულებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის ბალანსის შენარჩუნებას ემსახურება. რეფორმის შედეგად, პენიტენციური დაწესებულებები აღარ არის მხოლოდ იზოლაციისთვის განკუთვნილი ადგილი. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით, სისტემაში წარმატებით მიმდინარეობს მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო პროგრამების დანერგვა,“ – აღნიშნა მინისტრმა.

კახა კახიშვილმა „პატიმრობის კოდექსსა” და თანმდევ კანონებში შეტანილ ცვლილებებზეც ისაუბრა, რომელთა თანახმად, იქმნება ახალი ტიპის – გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდის პერიოდში უმაღლესი განათლების მიღების უფლება ენიჭებათ, შინაპატიმრობა სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვისაც ინერგება.

საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირთადი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით, სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესია ამერიკული გამოცდილების გაზიარება და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ურთიერთანამშრომლობის გაგრძელება.

banner
წინა სტატიაშითურქეთი 1982 წლის კონსტიტუციასაც ჩამორჩა
შემდეგი სტატიააზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები წალენჯიხაში