კახა იმნაძე​მ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2019 09:26

კახა იმნაძე​მ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდა

გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატის ფარგლებში თემაზე შერიგების როლი საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

თავის გამოსვლაში იმნაძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია და აგრძელებს შერიგებისა და ჩართვის პოლიტიკას აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში.

აღინიშნა, რომ 2018 წელს, ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველოს მთავრობამ მიიღო სამშვიდობო ინიციატივების პაკეტი სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. იმნაძის თქმით, ინიციატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია ორივე რეგიონის ადგილობრივ მოსახლეობაში და გამყოფ ხაზებზე აღმართული ხელოვნური ბარიერების მიუხედავად, ხალხთაშორისი კონტაქტი და მთელი ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობის ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

კახა იმნაძის განცხადებით, სამშვიდობო ინიციატივა მოიცავს სამ ძირითად მიმართულებას: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის ხელშეწყობა, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების ზრდა და მათთვის საქართველოს სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა შესაბამისი ტექნიკური პროცედურების გამარტივებით.

იმნაძემ აღნიშნა, რომ უფასო ჯანდაცვის მომსახურება უმთავრესი მიმართულებაა საქართველოს მთავრობის მშვიდობისა და ჩართვის პოლიტიკაში, რის მეშვეობითაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებს ხელი მიუწვდებათ ჯანდაცვის სხვადასხვა პროგრამაზე. ამ კონტექსტში ელჩმა შეშფოთება გამოთქვა, რომ აღნიშნული პროგრამა ცხინვალში სერიოზული საფრთხის წინაშე დგას. იმნაძის თქმით, რამდენიმე კვირის წინ საქართველომ უშიშროების საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. „ბორდერიზაციის“ ახალი ტალღისა და ცხინვალის რეგიონის ახალგორის რაიონში გადასასვლელი პუნქტების დახურვის შესახებ.

გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს 70 წლის მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების ფაქტზეც მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, მარტიაშვილი გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას საჭიროებდა და გარდაიცვალა, რადგან საოკუპაციო რეჟიმმა მას გადასასვლელი პუნქტის გადაკვეთის და საავადმყოფოში მისვლის შესაძლებლობა არ მისცა.

სიტყვით გამოსვლისას კახა იმნაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების საკითხსაც გამოეხმაურა. როგორც გაერო-ში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ დააკავეს სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან ვიზიტის განხორციელებისას, შეეფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა და დღემდე დაკავებულია ე.წ. „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით და სხვა უსაფუძვლო, გამოგონილი ბრალდებებით. კახა იმნაძემ მოითხოვა ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლება და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, მტკიცე და პრინციპული პოზიცია დაიკავოს ამ საკითხზე.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2019 09:26

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,291
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics