კახა გოგოლაშვილი- უკრაინაში ომი დასასრულს უახლოვდება

როგორც ჩანს, რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება. უკრაინა ამისთვის სრულ მზადყოფნას ავლენს. რუსეთი ღიად არ აფიქსირებს თავის დაინტერესებას, მაგრამ პუტინს ესმის, რომ თუ ომს გააგრძელებს, სულ მალე დაუდგება დიდი პრობლემები – ნავთობის ფასის ვარდნა, ინფლაცია და ეკონომიკის მკვეთრი შემცირება თავისი სოციალური შედეგებით. მან ასევე იცის, რომ თუ ომის გაწელვა მას დაბრალდა, აშშ და ევროპა გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის ინტენსიურად მიწოდებას, გააძლიერებს თავად უკრაინის სამხედრო წარმოებას, უკრაინის რაკეტები მალე მიწვდება რუსეთში ნებისმიერ სამიზნეს. ვფიქრობ, მისი უმთავრესი მოკავშირე ჩინეთიც უკმაყოფილო იქნება იმით, რომ ეს დაუსრულებელი ომი მისი გლობალური ეკონომიკური პროექტების მსვლელობას აფერხებს, დასავლეთთან ეკონომიკური ურთიერთობების და სავაჭრო პრობლემების მოგვარებას ეღობება. ყველაფერი ამის გამო ომი, ალბათ დასრულდება, თუმცა პუტინი ეცდება მაქსიმალური შედეგი გამოიღოს – დაიკანონოს ოკუპირებული ტერიტორიები, ზაპორიჟიის ატომური სადგურის ჩათვლით, არ დაუშვას დასავლური ჯარის უკრაინაში განთავსება, მოითხოვოს სანქციების მოხსნა სრულად თუ არა, მათი მნიშვნელოვნად შემსუბუქება მაინც. ამასთან ერთად ის ეცდება დაიბრუნოს დასავლეთში გაყინული სავალუტო რეზერვები და სხვა აქტივები. პუტინმა იცის, რომ ამ ყველაფრის მიღება ერთად ძნელი იქნება, ამიტომ არ თანხმდება მოლაპარაკებების დასრულებამდე ცეცხლის შეწყვეტას. უნდა, რომ მეორე მხარე წნეხის ქვეშ ამყოფოს. თუმცა, საბოლოო გარიგება მაინც გაანახევრებს მის მოთხოვნებს. ამიტომ დასჭირდება მოლაპარაკებების დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე.

მთავრი საკითხია – ჩაითვლება თუ არა რუსეთი ამ ომში გამარჯვებულად? ის ხომ მოიპოვებს დე ფაქტოდ ოკუპირებულ ტერიტორიებს?

აქ შეიძლება ბევრი მოსაზრება არსებობდეს და ყველა არგუმენტი ანგარიშგასაწევია, თუმცა მე პარალელს ფინეთ-საბჭოთა კავშირის 1939-1940 წლის ომთან და მის შედეგთან გავავლებდი. რუსეთმა იმ ომში ფინეთს ტერიტორიის დაახლოებით 20 პროცენტი წაართვა, მაგრამ საერთაშორისო აზრი ფინეთს მაინც გამრჯვებულად მიჩნევს. 1. რადგან საბჭოთა რუსეთმა მაშინ ძალზე დიდი დანაკარგი გაიღო; 2. ვერ მიაღწია ვერც ფინეთის სრულად დაპყრობას და ვერც მის პოლიტიკურად დამორჩილებას. ფინეთი, მიუხევადად მეორე მსოფლიო ომის რუსეთის სასრგებლოდ დამთავრებისა, დარჩა სუვერენულ სახელმწიფოდ და მიაღწია ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს. ახლა უკვე, ნატოს წევრობით სამხედრო-პოლიტიკური მდგრადი გარანტიებიც მიიღო. ფინეთის საერთაშორისო რეიტინგი და მისი ნდობა საოცრად მაღალია, ისეთი, რომ ის პრაქტიკულად დაუყოვნებლად მიიღეს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში, როგორც კი თავად მოინდომა ეს.

უკრაინაც გამარჯვებული გამოვა ამ ომიდან, მიუხედავად იმისა, რომ მოუწევს ტერიტორიების დროებით დათმობა. თუმცა ის მიიღებს ევროკავშირის წევრობას დაჩქარებული წესით, არა როგორც კომპენსაციას, არამედ როგორც სამხედრო ძალა, რომელიც ევროკავშირს, მისი ახალი უსაფრთხოების პოლიტიკის მიზნებიდან გამომდინარე, ძალიან ჭირდება. ევროკავშირის სამხედრო-პოლიტიკური ინტეგრაციის ახალი ეტაპი პრაქტიკულად აღარ მოითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანების აუცილებლობას და ამ საკითხს სამშვიდობო მოლაპარაკების თემად გადააქცევენ. უკრაინა, როგორც ევროკავშირის უსფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მისი განვითარების და სტაბილურობის, ყველა სახის მედეგობის სამიზნედ გადაიქცევა. ამიტომ იქ დიდი ინვესტიციები ჩაიდება და ქვეყანა სწრაფად გადაიქცევა სტაბილურ და დაცულ ციხე-სიმაგრედ, უკრაინასთან გაერთიანებული ევროკავშირი კი, უსაფრთხოების უპრეცედენტოდ სტაბილურ სივრცედ.
თუ არ გვინდა, რომ მსოფლიოში ყველაზე თვითდესტრუქციულ და პრიმიტიულ ერად გვაღიარონ, ამ სივრცის წევრობისთვის საქართველომ უნდა გააერთიანოს სრულად ყველანარი ძალისხმევა, მოახდინოს პოლიტიკური ნების სრული კონსოლიდაცია და ჩამოყალიბდეს სრული საზოგადოებრივი კონსენსუსით,- ამის შესახებ „ევროპული კვლევების ცენტრის“ დირექტორმა, „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა

banner
წინა სტატიაშივოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა დიპლომატიას, მე მზად ვარ, ჩავიდე თურქეთში, მოსკოვი მთელი დღის განმავლობაში დუმს პირისპირი შეხვედრის წინადადებასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: ვაშინგტონში კონგრესმენებმა და სენატორებმა უნდა იცოდნენ, რომ ამერიკაზე ორიენტირებული საქართველო არსად გამქრალა, ჯერ კიდევ არსებობს