კახა გოგოლაშვილი: ეს პროცესი შეჩერებულია! ამიტომ, ჰერჩინსკის არაფერი შეშლია და ოცნების ადმინისტრაციის პრესსამსახური ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

ასოცირების შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებასთან არავითარ კავშირში არ არის – გინდ 90%-ით შეასრულე და გინდ – 100%-ით, ის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს არ ემსახურება! – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი წერს, რითაც ის პრემიერ-მინისტრის განცხადებას და პარტია „ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის „ფეისბუქ“ გვერდ „სინამდვილეში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება.

როგორც გოგოლაშვილი განმარტავს, ასოცირების შეთანხმების შესრულების დაპირება არანაირად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს განაგრძობ.

მისი თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია მხოლოდ გაფართოების პროცესში მონაწილეობას მოიცავს, რა პროცესიც შეჩერებულია.

„ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. თვითგამოცხადებული მთავრობა თავს იმართლებს, ჩვენ ხომ ევროინტეგრაცია არ შეგვიჩერებიაო.

ასოცირების შეთანხმების შესრულების დაპირება არანაირად არ ნიშნავს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს აგრძელებ. ევროკავშირს ასოცირების შეთანხმება მსოფლიოს ბევრ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული და ის ევროკავშირში გაწევრიანების მიზანს არ ემსახურება. ის მჭიდრო თანამშრომლობის და ნაწილობრივ, ეკონომიკური ინტეგრაციის ინსტრუმენტია. ეს შეთანხმება ევროკავშირში გაწევრიანებასთან არავითარ კავშირში არ არის – გინდა 90%-ით შეასრულე და გინდ 100%-ით.

ევროკავშირში ინტეგრაცია (არა ევროინტეგრაცია, რაც სულ სხვა რამეს ნიშნავს და ამ ტერმინით სპეკულაცია დამაბნეველია) მხოლოდ გაფართოების პროცესში მონაწილეობით – ევროპული პერსპექტივა, კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების წარმოება, გაწევრიანების შეთანხმების დადება, წევრობა. მხოლოდ ამათი თანმიმდევრობა განასახიერებს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს – ეს პროცესი შეჩერებულია! ამიტომ, ჰერჩინსკის არაფერი შეშლია და ოცნების ადმინისტრაციის პრესსამსახური ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს“, – წერს კახა გოგოლაშვილი.

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს.

ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.

 

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – ყველაზე მძლავრი იყო გუშინდელი მუშტი, რაც კი აქამდე ხალხისგან რუსულ რეჟიმს მოხვედრია!
შემდეგი სტატია“ფორმულას” განცხადება აქციის ძალადობრივ დაშლასა და ჟურნალისტებზე ძალადობაზე (video)