27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

კახა ჩიქოვანი: საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა სრულად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება

ბრიუსელში შეხვედრა იყო კიდევ ერთი გზავნილი ევროკავშირისგან, მმართველობის სტილზე დააფიქროს „ქართული ოცნება“, ეჭვი მეპარება, რომ გაიგებს – მათთვის რუსეთისა და ჩინეთის გზა ერთადერთი გამოსავალია ძალაუფლებაში დასარჩენად,– ამის შესახებ “თავისუფლების მოედნის” წევრი, კახა ჩიქოვანი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესებაზე პასუხისმგებლობა სრულად „ქართულ ოცნებას“ ეკისრება. ჩიქოვანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რომ მმართველი პარტია შანტაჟის ენით ესაუბრება როგორც საერთაშორისო პარტნიორებს, ისე საქართველოს მოქალაქეებს.

„თუკი ვინმეს პასუხისმგებლობაზეა საუბარი, პასუხისმგებლობა არის „ქართული ოცნების“ მხარეს. თუ შანტაჟზეა საუბარი, აქაც შანტაჟის ენას „ქართული ოცნება“ იყენებს ყველა ჩვენი პარტნიორის მიმართ. მეტიც, „ქართული ოცნება“ შანტაჟის ენით ესაუბრება საქართველოს მოქალაქეებს. ყოველდღიურად ცდილობენ საქართველოს მოქალაქეები დააშანტაჟონ.

ქართველი ხალხი და „ქართული ოცნება“ , რომელიც დღეს სახელმწიფოს სათავეშია, აბსოლუტურად გაყოფილია. ყველას კარგად ესმის, რომ ქართველი ხალხი სხვა მახრეს დგას“,– აცხადებს ჩიქოვანი.

ჩიქოვანმა ასევე შეაფასა ევროკავშირის წარმომადგენლებთან და ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი ტექნიკური ხასიათისა, შეხვედრის მთავარი მნიშვნელობა პოლიტიკური გზავნილები იყო.

მისი შეფასებით, ხელისუფლება ქვეყანას დასავლეთისგან იზოლაციისკენ მიჰყავს და დასავლელ პარტნიორებს აშორებს.

ჩიქოვანმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არ შეჩერდება.

„დღევანდელი შეხვედრა იყო კიდევ ერთი პოლიტიკური გზავნილი ევროკავშირის მხრიდან, რომ მმართველობის სტილზე დააფიქროს „ქართული ოცნება“. ამ შეხვედრას კი ჰქვია ტექნიკური ხასიათის შეხვედრა, მაგრამ მთავარია პოლიტიკური გზავნილები. ეჭვი მეპარება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ამას გაიგებს და მიხვდება. „ქართული ოცნების“ ამოცანაა საქართველო ბოლომდე მიიყვანოს იზოლაციამდე, ჩამოაშორონ დასავლელ პარტნიორებს ერთადერთი მიზნით, რომ დასავლეთში მათ არ აქვთ არანაირი საშუალება, ხელისუფლებაში დარჩნენ, შესაბამისად, მათთვის ერთადერთი გამოსავალია რუსეთის და ჩინეთის გზა. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება გვაქვს ზეწოლა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე და რაც შეიძლება მალე შევცვალოთ. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მოქალაქეებს არ შეუჩერდებათ უვიზო მიმოსვლა“,– აცხადებს ჩიქოვანი.

banner
წინა სტატიაშიკეტი ლაროქი: ამერიკამ საქართველოსთან ურთიერთობა არ უნდა გადატვირთოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე
შემდეგი სტატიასაგარეო უწყება ბრიუსელში, საქართველოსა და ევროკომისიის დელეგაციებს შორის გამართულ შეხვედრაზე განცხადებას ავრცელებს