კახა ბექაური : ყოველგვარი სპეკულაცია, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა

ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონი მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა დღეს პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მიზანი არ არის იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიების მიმართ, ეს საჭირო არ არის, რადგან კომისიას იძულების მძლავრი მექანიზმი ისედაც აქვს.

„არ შეიძლება არსებობდეს ავტორიზაციის ან ლიცენზიის ჩამორთმევაზე და საქმიანობის შეჩერებაზე მძლავრი იძულების მექანიზმი. ასეთი უკვე გვაქვს, ამიტომ ცვლილებები ამას არ ემსახურება. ეს ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, ელექტრონულ კომუნიკაციებში მნიშვნელოვანი ძალის ოპერატორებს, რომლებსაც ძალიან ბევრი აბონენტი ჰყავთ. თუ აღსრულება ეფექტიანი არ არის და ჯარიმების შემდეგ არ აღსრულდა კანონი, ჩვენ ვითხოვთ დღევანდელ კანონმდებლობაში არსებულ მექანიზმზე უფრო მსუბუქ მექანიზმს, რომელიც დაიცავს მომხმარებელს საკომუნიკაციო სერვისების შეწყვეტისგან. შესაბამისად, აქ არანაირად მაუწყებლობის სფეროს ნაწილი არც მოსაზრებებში იყო, არც მიზნებში და არც არავის გაუვლია თავში, არც წარმოდგენილ კანონპროექტშია ამაზე საუბარი. შესაბამისად, ეს ყოველგვარი სპეკულაცია, რომელიც ამ კუთხით, ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე მოვისმინე, თითქოს ეს მაუწყებლობის კანონს, მაუწყებლებს ან მედიას ეხება, სრული სიცრუეა და არანაირად ეს ცვლილებები შეხებაში მათან არ არის“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

banner
წინა სტატიაშიინციდენტი ბათუმში – ოჯახი დაჭრას უარყოფს და ამბობს, რომ არასრულწლოვანი წაიქცა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე – გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს,